logo

ბოკერია ნამახვანის პროტესტზე: მოვუწოდებ ყველა გულწრფელ მოქალაქეს, არ შეუერთდეს ამ პროტესტს

25 მაი 202112:29
3 წუთის საკითხავი
clock 1582

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო ჯგუფებს მოუწოდებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებს არ შეუერთდნენ.

როგორც ბოკერია განმარტავს, ნამახვანის პროტესტის გზავნილი უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ მიმართული კამპანია და უმრავლესობისგან განსხვავებული ადამიანების მიმართ სიძულვილია.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არც პრაგმატულად და არც მორალურად კარგ შედეგს არ მოიტანს. 

"ეს არის ბრძოლა და კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, მიუღებლობის და სიძულვილის კამპანია უმრავლესობისგან განსხვავებული ადამიანის წინააღმდეგ და მეორე მხრივ, კამპანია კერძო საკუთრების და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ. არა კამპანია მთავრობის კორუფციის ან ზოგადად, მთავრობის წინააღმდეგ. 

მე მინდა მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც ამ მთავრობაზე საფუძვლიანად არის გაბრაზებული, არ შეუერთდეს ამ პროტესტს. მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო ჯგუფს, არ აყვნენ ცდუნებას, რომ ხალხი გაბრაზებულია ეს არის შესაძლებლობა მთავრობის წინააღმდეგ ამის გამოყენების. ეს არ მოიტანს არც პრაგმატულად და არც მორალურად კარგ შედეგს", - ამბობს ბოკერია.

ჰესის მოწინააღმდეგეები უკვე მესამე დღეა, რამდენიმეთვიან პროტესტს თბილისში აგრძელებენ. ისინი ითხოვენ: 

შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;

გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;

თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;

დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს

ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "გონიერებისკენ" მოუხმო.

 
close დახურვა