logo

ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 06.04.2020

06 აპრ 202010:23
3 წუთის საკითხავი
clock 640
ho93529b30v8ksu.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოᲨვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 6 აპრილის მნიᲨვნელოვან მოვლენებს.

COVID-19 საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეს ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ტესტს 5 პაციენტს ჩაუტარებენ. როგორც მარინა ეზუგბაია აცხადებს, ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. გუშინ გამოვლენილი კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან, ერთ პაციენტს ინფექცია ქუთაისის ცხელების ცენტრში დაუდასტურდა. დანარჩენი 3 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. როგორც კლინიკაში ამბობენ, მათი ინფიცირების წყარო ეროვნული ბანკია, ხოლო ერთის შემთხვევაში სომხეთიდან ჩამოსული პირი.

კორონავირუსის ინფექციის სტატისტიკა საქართველოში

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188, ხოლო გარდაცვალების 2 შემთხვევაა დადასტურებული. 

გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტის ტესტზე ელოდებიან უარყოფით პასუხს.

ამჟამად, stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5056 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386.

COVID-19 მსოფლიოში

იტალიაში ორი კვირის მანძილზე, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 525.

მოსკოვის ეპარქიის სამ მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსწი“ ავრცელებს. რუსეთის ეკლესიაში კიდევ ორი მღვდლის ანალიზების პასუხებს ელოდებიან. ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსი 5 389 ადამიანს დაუდგინდა. ინფექციით გარდაიცვალა 45.

კორონავირუსის ინფექციის სტატისტიკა მსოფლიოში

სულ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 1 274 346 შემთხვევაა დაფიქსირებული. COVID-19-ს 69,480 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 264,838 პაციენტი.

საჩხერის მერს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს ბენიამინ ფალავანდიშვილს და მის ოჯახის წევრებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. მისი ცოლის განმეორებითმა ტესტმა კვლავ დადებითი პასუხი აჩვენა. ანალიზები ჩაუტარდა იმ მედპერსონალსაც, რომელთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თუმცა ინფექცია არცერთ მათგანს არ გამოუვლინდა. ჯერჯერობით უცნობია იმ პირის ვინაობა, ვისგანაც მერის ცოლი დაინფიცირდა. საჩხერის სამედიცინო ცენტრში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

გალის რაიონიდან ფოთის ჰოსპიტალში შეყვანილ ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 60 წლის ქალი ცხელების ცენტრში ვირუსის სიმპტომებით გუშინ მოათავსეს. ის განმუხურის ტერიტორიაზე კარანტინში იმყოფებოდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ პაციენტს მხოლოდ ორმხრივი პნევმონია დაუდასტურდა. ამ დროისთვის, ფოთში თვითიზოლაციაში 13, ხოლო კარანტინში 5 პირი იმყოფება.

კორონავირუსი არ დაუდგინდათ ინფიცირებული სპორტსმენის პირველად კონტაქტებსაც. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან სამი მამაკაცის ანალიზის პასუხი გვიან ღამით მიიღეს. უარყოფითი პასუხის მიუხედავად, სამივეს საკარანტინო ზონებში მოათავსებენ. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ათენიდან და რომიდან საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანენ

რომიდან და ათენიდან საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანენ

სპეცრეისს თბილისის მიმართულებით „ჯორჯიან ეარვეისი" შეასრულებს. როგორც ცნობილია, მოქალაქეების ნაწილმა ბილეთის შეძენა მოახერხა, თუმცა, უბილეთოდ კვლავ ბევრი ადამიანი დარჩა. ისინი ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ.

21 აპრილს კი იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის რომი-თბილისის მიმართულებით ჩარტერული რეისი დაიგეგმა. რეისს ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები" შეასრულებს. ბილეთების შეძენა მოქალაქეებს ფრენამდე 2 დღით ადრე ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე შეეძლებათ. საქართველოს საელჩოს ცნობით, 13 აპრილის შემდეგ იტალიაში გამოცხადებული შეზღუდვების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ექნება იტალიის ტერიტორიაზე მოქმედი ავტოსერთიფიკატი და საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთი, რომში ჩასვლა ნებისმიერი რეგიონიდან თავისუფლად შეეძლება.

სუპერმარკეტებში შრომითი უფლებები ირღვევა

ქვეყანაში არსებული შეზღუდვების ფონზე მესამე სექტორი სუპერმარკეტებში არსებულ დარღვევებზე საუბრობს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოითხოვს, რომ შრომის ინსპექციას ჰქონდეს შესაბამისი მანდატი, რის საფუძველზეც სუპერმარკეტების ქსელებს გააკონტროლებს. როგორც EMC-ში ამბობენ, სუპერმარკეტი სპარი, ნიკორა და აგროჰაბი დასაქმებულთა უფლებებს უხეშად არღვევს. განვითარებულ მოვლენებს ფეისბუკ პოსტით ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც, რომელიც ასევე მანდატის საჭიროებაზე საუბრობს.

ეკონომისტების აზრით, პანდემია საქართველოს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის

„საქართველოსთვის ახლა არის კარგი პერიოდი იმისთვის, რომ თავისი ნიშა იპოვოს.“ - ეს განცხადება ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა ფორმულას ეთერში გააკეთა. გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, საქართველოს დღეს აქვს შესაძლებლობა, რომ პოზიციონირდეს, როგორც ვირუსთან გამკლავების წარმატებული ქვეყანა, ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორც არის ავსტრია, ისლანდია და სხვები. ბადრი ჯაფარიძე კი ფიქრობს, რომ მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, არსებული ვითარება საქართველომ ახალ შესაძლებლობად უნდა გამოიყენოს.

მოსაზრებას იზიარებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძეც. მისი აზრით, ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ ეკონომიკურ რუკაზე გამოჩნდეს.

თბილისში ქუჩებს დეზინფექცია ჩაუტარდა

 

დედაქალაქში სადეზინფექციო საშუალებებით, ამჯერად, წერეთლის გამზირი მოირეცხა. გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების დეზინფექცია სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ჩაუტარდა. დამუშავდა პეკინის გამზირი, კოსტავა და მელიქიშვილის ქუჩები, ასევე „ჰუალინგის" დასახლება. მოირეცხა ქავთარაძის ქუჩა, ყაზბეგის გამზირი და გლდანის რაიონის რამდენიმე ქუჩაც. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სადეზინფექციო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი" და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ატარებენ.

close დახურვა