logo

ამბები, რომლებიც დღეს უნდა იცოდე : 13 ოქტომბერი, 2019

13 ოქტ 201910:25
3 წუთის საკითხავი
clock 615
1hei64zd2veb7pa.jpg

     საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალია აღიარა

 

 საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. გადაწყვეტილება ელადის ეკლესიის სინოდის საგანგებო სხდომაზე კენჭისყრით მიიღეს. ამ გადაწყვეტილებით, ელადის ეკლესიის მთავარი ეპისკოპოსი იერონიმე მეორე კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს (დუმენკოს) სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებთან ერთად მოიხსენიებს.

ოფიციალური განცხადება გადაწყვეტილების შესახებ ჯერ არ გაკეთებულა. ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, სინოდის ოფიციალური განჩინება მალევე გამოქვეყნდება.

კონსტანტინოპოლის შემდეგ, საბერძნეთის ეკლესია პირველია, რომელმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის რუსეთის ეკლესია ეწინააღმდეგება. საკითხზე საკუთარი პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია საქართველოს საპატრიარქოს.

 

 

                                                                     „ქვეყნის სამსახურში“ - მოძრაობა „სირცხვილიას“ გეგმები

 

20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ გაჩენილი მოძრაობა "სირცხვილია“ 20 ოქტომბრიდან რეგიონებში გასვლას ახალი სახელით იწყებს. "ქვეყნის სამსახურში" - ამ სახელით მოძრაობის წევრები პირველად კახეთში ჩავლენ.

გავრილოვის ღამიდან 4 თვის თავზე, 20 ოქტომბერს, სამოქალაქო აქტივისტები თელავს მოუყვებიან მათი მოძრაობის მიზნებზე, არჩევნებში წასვლის აუცილებლობაზე. ასევე, მოისმენენ ადგილობრივების პრობლემებს და გააცნობენ ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის გზებს.

დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტიდან და იმ ღამით პარლამენტთან განვითარებული მოვლენებიდან 3 თვის თავზე "სირცხვილიამ" რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციები დაასრულა.

ანტისაოკუპაციო დემონსტრაციების ორგანიზატორებმა პირობა დადეს, რომ კვლავ გამართავენ ხოლმე „წერტილოვან“ აქციებს. მათი განცხადებით, შექმნიან და გააძლიერებენ „აქტივისტთა მობილურ ჯგუფებს თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც მოსვენებას არ მისცემს ივანიშვილის მსახურებს“

 

                                                                                    ტაიფუნი „ჰაგიბისი“ - სტიქია იაპონიაში

 

 

იაპონია ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ ტაიფუნს ებრძვის. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 10 და დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. ამ დრომდე ეძებენ 16 ადამიანს.

ქარის სიჩქარე ტოკიოსა და მის შემოგარენში საათში 200 კილომეტრს აჭარბებს. ჰაგიბისმა ტოკიოს შემოგარენში უკვე დააზიანა 390,000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

იაპონიის დედაქალაქში დახურულია აეროპორტები, ასევე, პარალიზებულია საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა. სავალდებულო ევაკუაცია ქვეყნის მასშტაბით 600 000 ადამიანს შეეხო, 8 მილიონზე მეტ ადამიანს კი ხელისუფლებამ რისკის ზონების დატოვება ურჩია.

ბოლო ათწლეულების ყველაზე ძლიერი ტაიფუნის გამო გადაიდო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელი მატჩები. გარდა ამისა, გაუქმდა ფორმულა 1-ის რბოლებიც.

 

 

 

                                                                               კალიფორნიის ტყეში ძლიერ ხანძარს ებრძვიან

 

 

ცეცხლმა ლოს-ანჯელესის დასავლეთ გარეუბნამდე უკვე მიაღწია. CNN იუწყება, რომ სტიქიამ უკვე შეიწირა ორი ადამიანის სიცოცხლე. არიან დაშავებულებიც.

ხანძრის ლოკალიზებას ადგილზე მობილიზებული სახანძრო ეკიპაჟები ავიაციის დახმარებით ცდილობენ, ხოლო რეგიონში მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს.

რამდენიმე ოლქი უკვე დატოვა 100 ათასზე მეტმა ადამიანმა. ბოლო ინფორმაციით, დამწვარია 31 საცხოვრებელი სახლი.

ძლიერი ხანძრის გამო პარალიზებულია საავტომობილო მიმოსვლაც. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

გამოძიების ინფორმაცით, ხანძარი ერთ-ერთ ელექტროგადამცემი ხაზის გაუმართაობის გამო გაჩნდა. ენერგეტიკული კომპანია PG&E უკვე დათანხმდა 1 მილიარდი დოლარის კომპენსაციის გადახდას.

 

 

                                                                                    ვაშინგტონის გაფრთხილება ანკარას

 

 

ვაშინგტონი თურქეთის ხელისუფლებას სანქციებს უწესებს. მიზეზი სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაა.

სირიის ჩრდილოეთში ანკარის სამხედრო ოპერაცია უკვე მე-5 დღეა მიმდინარეობს, რის შედეგადაც დაღუპულია 30-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 400-ზე მეტი ქურთი მებრძოლი.

დასავლეთის მოთხოვნის მიუხედავად, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს.

დაბომბვების გამო რეგიონი დატოვა 200 000-ზე მეტმა ადამიანმა.

 

                                                  საქართველოში სომხური გამოცემის სამი ჟურნალისტი მესაზღვრეებმა არ შემოუშვეს


 

სომხური გამოცემა Epress.am-ის სამი ჟურნალისტი, იური მანველიანი, ტიგრან ხაჩატურიანი და ტიგრან აკოპიანი, 11 ოქტომბერს საქართველოში არ შემოუშვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს, თუმცა არ განმარტავს კონკრეტულად რა მიზეზით არ შემოუშვეს ჟურნალისტები საქართველოში, თავად ჟურნალისტების თქმით მესაზღვრეებმა ისინი საქართველოში მას შემდეგ არ შემოუშვეს, რაც გაიგეს, რომ ისინი ჟურნალისტები იყვნენ.

უწყების განმარტებით ქვეყანაში არ შემოშვების მიზეზი, კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტია.

კანონის ეს ქვეპუნქტი საქართველოს პოლიციის დეპარტამენტის მიერ სხვადასხვა საქმეში გამოიყენება, როგორც საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის დამოუკიდებელი საფუძველი, რაც შსს-ს შესაძლებლობას აძლევს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აუკრძალოს პირს ქვეყანაში შემოსვლა.                                                                                                 

 

                                                                                                       ფრე ირლანდიასთან

 

 

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებმა ირლანდიასთან გამართა. მატჩი გოლების გარეშე, ფრედ დასრულდა.

ირლანდიასთან თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა აღნიშნა:

"ვფიქრობ, გულშემატკივარმა საკმაოდ კარგი თამაში იხილა, მიუხედავად იმისა, რომ უგოლოდ დასრულდა. ჩვენ შევეცადეთ, ეს შეხვედრა მოგვეგო, მაგრამ არ გამოგვივიდა. ეს იყო მაღალი ხარისხის თამაში, რომელშიც ორი საკმაოდ გამოცდილი გუნდის ფეხბურთელები უპირისპირდებოდნენ. ნამდვილად არ იგრძნობოდა, რომ ირლანდიის რომელიმე ფეხბურთელი ჩვენსას აღემატებოდა".

დინამო არენაზე დაფიქსირებული შედეგით ევრო 2020-ის შესარჩევის D ჯგუფში მდგომარეობა არ შეცვლილა: ირლანდია კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო საქართველო მეოთხეზე და მხოლოდ გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებს უსწრებს.

ქართველი ფეხბურთელები მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს სწორედ გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გამართავენ.

 

                                                                   საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა გერმანია დაამარცხა

 

 

12 ოქტომბერს, თბილისის "ოლიმპიკის" აუზში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურის ცენტრალურ მატჩში, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა.

თამაში საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. ქართველმა წყალბურთელებმა გერმანელები 9:7 დაამარცხეს.

დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები შვეიცარიასთან გამართავს შეხვედრას. მატჩი 10:30-ზე დაიწყება.

 

                                                                                    „შავნაბადას“ კონცერტები მექსიკაში

 

 

მექსიკის ქალაქ გუანახუატოში, 11 ოქტომბერს, სერვანტინოს რიგით 47-ე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.

მეორე სოლო კონცერტი ქართულმა ანსამბლმა მეხიკოში 12 ოქტომბერს რესპუბლიკის პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გამართა, სადაც მექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურის ცენტრია განთავსებული.

კონცერტის შემდეგ ადგილობრივმა და საერთაშორისო მსმენელმა დიდი ინტერესი გამოიჩინა ქართული ხალხური სიმღერის მიმართ. ანსამბლმა რამდენიმე საინტერესო შეთავაზება მიიღო, მათ შორის, კალიფორნიის შტატიდან, სადაც მასშტაბური ფესტივალი იმართება.

close დახურვა