logo
ENG

იმნაძე: საქართველოში იყო პრეცედენტი, 12 წლის ბავშვი აიცრა - მას სპეციალური ჩვენება ჰქონდა

27 ივლ 202112:23
3 წუთის საკითხავი
clock 246
იმნაძე: საქართველოში იყო პრეცედენტი, 12 წლის ბავშვი აიცრა - მას სპეციალური ჩვენება ჰქონდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში იყო შემთხვევა, როდესაც 12 წლის ბავშვი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. როგორც იმნაძემ ჟურნალისტებს უთხრა, მოზარდს სპეციალური ჩვენება ჰქონდა. 

რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, იმნაძის თქმით, საქართველო ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გადაწყვეტილებას, რის შემდეგადაც შესაბამის ვაქცინებზე ასაკობრივი ზღვარი დაიწევს.

"ფაიზერს უწერია ინსტრუქციაში, რომ 12 წლიდან შესაძლებელია აცრა. ჩვენ ველოდებით ჯანმოს ოფიციალურ გადაწყვეტილებას. როგორც კი ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ჩვენთანაც დავწევთ შესაბამის ვაქცინებზე ასაკს. თუმცა საქართველოში იყო პრეცედენტი, როდესაც 12 წლის ბავშვი აიცრა. სპეციალური ჩვენება ჰქონდა ბავშვს, ამიტომ ეს ბავშვი აიცრა", - თქვა იმნაძემ.

იმნაძემ ასევე ისაუბრა ორსულების ვაქცინაციაზე და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, ორსულების აცრა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, მხოლოდ ფაიზერის ვაქცინითაა შესაძლებელი. 

"სინოვაკს და სინოფარმს უწერია ინსტრუქციაში, რომ ორსულები არ იცრებიან იმიტომ, რომ კლინიკური კვლევები ორსულებზე არ არის დამთავრებული. ​ფაიზერს ჩაწერილი აქვს ინსტრუქციაში, რომ ექიმისა და ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია ორსულის აცრა, ვინც არის მაღალი რისკის ორსული", - თქვა იმნაძემ.

ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ასტრაზენეკას, ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს. ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა ხელმისაწვდომია 45 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობისათვის, სინოფარმითა და სინოვაკი 18 წლიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, ფაიზერით აცრა კი 16 წლიდანაა შესაძლებელი.

27 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 17 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1335 პაციენტი.

ამ დროისთვის, აცრილია 418 398 ადამიანი, მათგან ორჯერადად აცრილია -
142 254, ბოლო 24 საათში კი 13 884 პირი აიცრა. 

close დახურვა