logo

კალაძე: თბილისს ყავს ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემიძლია დავიტრაბახო

19 მაი 202121:14
3 წუთის საკითხავი
clock 735
კალაძე: თბილისს ყავს ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემიძლია დავიტრაბახო

კალაძე ამბობს, რომ თბილისს ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქვს. 

ფორმულას ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მისაღებია თითო ავტობუსში 250 ათასი ევროს გადახდა, მაშინ, როცა სხვა ქვეყნებს მისი შეძენა ბევრად იაფი დაუჯდათ, კალაძე პასუხობს: 

"რა თქმა უნდა, მისაღები იყო. თბილისს ყავს ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შემიძლია დავიტრაბახო, რომ ბევრ ევროპულ, ეკონომიკურად ჩვენზე უფრო განვითარებულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს. ჩვენი დაპირებაც ზუსტად ეს იყო, რომ თბილისს ჰყავდეს ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქალაქში გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეში იყოს კომფორტული, უსაფრთხო და სწრაფი. ამისთვის არის წამოწყებული ის რეფორმა, რომელიც უკავშირდება ტრანსპორტს". - თქვა მან.  

კახა კალაძე ტყუილს უწოდებს ფორმულას ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისის მერიამ ავტობუსებში სხვა ქალაქებთან შედარებით ბევრად მეტი გადაიხადა. თუმცა, არ ამბობს, რის საფუძველზეა ტყუილი ეს ცნობები. 

"ის ინფორმაციები, რასაც ავრცელებთ, არის არასწორი, არის ტყუილი და ჩემი თხოვნა იქნება, საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში". - თქვა კალაძემ ფორმულას ჟურნალისტის კითხვის პასუხად. 

ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისის მერიის მიერ ავტობუსებში გადახდილ თანხასა და რეალურ ღირებულებას შორის სხვაობა 60 მილიონი ლარია.

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი ამტკიცებს, რომ გამარჯვებულის გამოვლენა ექსპერტების დასკვნების მიხედვით მოხდა.

თბილისის მერიამ თურქულ კომპანია BMC-ს 226 ავტობუსში ჯამში 55 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადა.

ერთი ავტობუსი 250 ათასი ევრო დაჯდა, არადა ეს ტრანსპორტი ბევრად ნაკლები ღირს. სხვაობა 60 მილიონი ლარია.

საკრებულოს ყოფილი წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ იგივე ავტობუსის ყიდვა ანკარას 170 ათასი ევრო დაუჯდა. ქალაქ კოჩაელს - 180 ათასი ევრო; ნოვი სადს ასევე 180 ათასი ევრო; პენევეჟისს - 188 ათასი ევრო. 

თბილისის მთავრობამ ავტობუსში ყველაზე მეტი გადაიხადა. 

"სხვა ქალაქებმა შეიძინეს BMC-ის 12-მეტრიანი ავტობუსი საშუალოდ 180 ათას ევროდ. გამოდის, რომ თბილისის მერიამ მათში გადაიხადა 70 ათასი ევროთი მეტი. შეიძლება, ზედმეტობით იყოს გადახდილი 16 ევროთი მეტი. ეს ნიშნავს ძალიან მსხვილ კორუფციულ ფაქტს, თუკი ამის ლოგიკურ ახსნას თბილისის მერია საზოგადოებას არ მიაწვდის", - ამბობს აბესაძე ფორმულასთან

ეს ავტობუსები კომპანია BMC-ის ოფიციალურ საიტზეც უფრო იაფი ღირს. ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი ფასი 205-დან 215 ათას ევრომდე მერყეობდა. ფასი იკლებს შეძენილი ავტობუსების შესაბამისად.

close დახურვა