logo

გიორგი თარგამაძის OP-ED: ქართველებსაც შეგვიძლია! 

13 ივნ 202120:08
3 წუთის საკითხავი
clock 277

ზუსტად 6 წლის წინ თბილისის ცენტრში ტრაგედია დატრიალდა. სტიქიურმა უბედურებამ ღრმა ჭრილობა დაუტოვა მრავლისმნახველ ქალაქს, თუმცა ამასთან ერთად, ბევრ ნაწილად გახლეჩილი საზოგადოება უპრეცედენტო სოლიდარობის მოწმე გაგვხადა. ერთად იდგა ერი და ბერი, დიდი და პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი, მდიდარი და ღარიბი, ქრისტიანი და მუსლიმი, ნაცი და ქოცი, ჰომოფობი და ლგბტქიუ, მოკლედ ყველა იდგა ერთად და ებრძოდა სტიქიას როგორც შეეძლო, იბრძოდა ადამიანების, ცხოველების და ქალაქის გადასარჩენად. ამ უკიდურესად განსხვავებული ადამიანების შემხედვარე, იმ მომენტში და დარწმუნებული ვარ, შემდეგაც არაერთხელ დაფიქრებულხართ: რატომ არის საჭირო დიდი ტრაგედია იმისთვის, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოჩნდეს და ძალისხმევა ერთი მიზნისკენ მიმართოს.

ან რატომ არ შეიძლება რომ ის ერთობა, რომელიც ასეთ ენერგიასა და მონდომებას წარმოშობს, სხვა შემთხვევაშიც ქვეყნის კეთილდღეობას და განვითარებას მოხმარდეს? როგორ არ შეიძლება, შეიძლება, უბრალოდ ჩვენ ვერ ვახერხებთ. არიან ისეთებიც, რომლებიც ახერხებენ და სწორედ ამაშია მათი, როგორც ქვეყნის, სახელმწიფოს და საზოგადოების წარმატების საიდუმლო. ბევრჯერ გვიკითხავს ალბათ სხვისთვის თუ საკუთარი თავისთვის, საქართველო, რომელიც ყველა მომსვლელს ასე ხიბლავს, რატომ არის ასეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში? რა გვაკლია ისეთი, რაც სხვას აქვს? ამ კითხვებზე ორი ტრადიციული პასუხია: ან თვითგვემას მივეცემით და ვამტკიცებთ, რომ ზარმაცი, გაუნათლებელი და არაფრის მაქნისი ერი ვართ; ან ყანწით, თუ უყანწოდ თვითტკბობის მორევში გადავეშვებით, რომ რადგან ქართველები ყველაზე ლამაზები, მამაცები და ნიჭიერები ვართ, საქართველო კი ღმერთის ნაბოძები, საკუთარი თავისთვის გადანახული დალოცვილი მიწაა, ყველას შურს და ჩვენი ბედნიერება არ უნდათ. რა თქმა უნდა სიმართლე არც ერთია. თუმცა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი - მართლა რატომაც ვართ ამ მდგომარეობაში, ისაა, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ უბედურებისა და ტრაგედიების გარეშე სოლიდარობის გამოვლენას და საერთო მიზნების ირგვლივ გაერთიანებას. ხოლო ვისაც ეს შეუძლიათ, სწორედ ის ქვეყნები არიან, რომელთაც ჩვენ განვითარებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოებს ვუწოდებთ. არადა განსხვავებები და ინდივიდუალიზმი იქაა, თუ არის. საზოგადოების სხვადასხვა ფენასა თუ ჯგუფებს შორის დაპირისპირება იმ ქვეყნებშიც ჩვეულებრივი ამბავია: ხელისუფლებას ოპოზიცია არ მოსწონს და პირიქით, კონსერვატორები ლიბერალებს ვერ იტანენ, იქაც არის მამათა და შვილთა ბრძოლა, იქაც არიან შავრაზმელები, რომლებიც განსხვავებული კანის ფერის, აღმსარებლობისა თუ სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს ერჩიან. თუმცა მთავარი განმასხვავებელი ჩვენსა და მათ შორის ისაა, რომ იქ ამ ჯგუფებს მარტო საერთო მტერი და სტიქიური უბედურება არ აერთიანებთ, (სხვათა შორის ჩვენ ვერც საერთო მტრის წინააღმდეგ ვახერხებთ სრულად გაერთიანებას), ისინი მშვიდობიან დროს, ყოველგვარი უბედურების გარეშე თანხმდებიან, რომ საერთო სახელმწიფო აქვთ, სადაც ყველამ უნდა მოახერხოს უსაფრთხოდ და ღირსეულად თანაცხოვრება; სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორი იქნება და ქვეყნის ეროვნული ინტერესისთვის ბრძოლა ყველას ვალია, იმის მიუხედავად, მოსწონთ ერთმანეთი თუ არა. რესპუბლიკელები იქნებიან ხელისუფლებაში თუ დემოკრატები, ამერიკის ეროვნულ ინტერესზე მაღლა მაინც ვერაფერი დადგება; ქრისტიან-დემოკრატებს კოალიცია სოციალისტებთან ექნებათ, მწვანეებთან თუ ორივესთან ერთად, გერმანიაში ადამიანის უფლებებს ვერასდროს ვერავინ შეეხება; ლეიბორისტები იქნებიან უმრავლესობაში თუ კონსერვატორები, ბრიტანეთის სიმბოლო მაინც დედოფალი იქნება. მაკრონი იქნება საფრანგეთის პრეზიდენტი თუ ლეპენი, პარიზის ცენტრში ცათამბჯენს, თუ უსახური ბეტონის გროვას მაინც არავინ ჩადგამს. ამ ქვეყნებში და სხვებშიც, რომელთაც ჩვენ სამაგალითოდ მივიჩნევთ, ყოველთვის არის რაღაც ისეთი, რაც ყველასთვის წმინდაა და ეს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესია. ჩვენ კი, სამწუხაროდ მორიგ სტიქიურ თუ სხვა უბედურებას ველოდებით იმისთვის, რომ ერთი მიზნის გარშემო გავერთიანდეთ, დროებით დავივიწყოთ განსხვავებით გამოწვეული სიძულვილი და მოვიმოქმედოთ რაღაც ისეთი, რაც იმ ქვეყნებში ჩვეულებრივი ცხოვრების წესია. შემდეგ კი, თუ გინდ მცირე ხნით აღტაცებაში მოვიდეთ ნამოქმედარით და საკუთარ თავს ვუმტკიცოთ, რომ არც ისე ცუდი ერი ვართ. თუმცა მალევე, შეზარხოშებას ნაბახუსევი მოჰყვება, განსხვავებებს კვლავ ნათლად დავინახავთ, სიძულვილიც დაბრუნდება და ჩვენც გავაგრძელებთ ცხოვრებას მორიგი სტიქიური უბედურების მოლოდინში.

ოდესმე გვეშველება რამე? არაფერი გვეშველება თუ ასე გავაგრძელებთ და საბოლოოდ მივიღებთ არა მხოლოდ სტიქიურ, ბევრად უფრო მასშტაბურ უბედურებას, რომელიც ქალაქის რომელიმე ნაწილს კი არ დატბორავს - მთლიანად ქვეყანას წაიღებს, სახელმწიფოს ნარჩენებსაც ბოლოს მოუღებს და შემდეგ გაერთიანება უკვე გვიანი იქნება. გვეშველება მხოლოდ მაშინ, თუ ერთად დგომისა და სოლიდარობისთვის მორიგი სტიქიური უბედურება და ადამიანების ტრაგედია აღარ დაგვჭირდება და ამას ჩვენი სახელმწიფოსთვის და ეროვნული ინტერესებისთვის გავაკეთებთ, და სანამ 13 ივნისის თაობად წოდებული ახალგაზრდების ჯგუფის განწყობა და ცხოვრების წესი ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობის ყოველდღიურობა არ გახდება.

close დახურვა