logo
ENG

ოსტინი 3+3-ზე: ახალ პლატფორმამდე, რუსეთი უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ხელშეკრულებას

18 ოქტ 202115:12
3 წუთის საკითხავი
clock 3034

აშშ-ს თავდაცვის მდივანი გამოეხმაურა 3+3 პლატფორმას და აღნიშნა, რომ რუსეთი ჯერ 2008 წლის ხელშეკრულებას უნდა სცემდეს პატივს. საქართველოში ვიზიტის დროს ოსტინმა ბრიფინგზე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, დააზიანებს თუ არა ამ ფორმატში რაიმე ფორმით მონაწილეობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს?

"რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს", - უპასუხა ლოიდ ოსტინმა. 

3+3 ფორმატის იდეა 2020 წლის ყარაბახის ომის შემდეგ, 10 დეკემბერს, ბაქოში აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამა ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენეს. 

ის გულისხმობს კავკასიის სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის, და რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს: ირანის, რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობას. ფორმატმა უნდა მოიცვას უსაფრთხოების, ეკონომიკის და სატრანსპორტო საკითხები. 

2021 წლის 6 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანელ კოლეგასთან, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან ერთად განიხილა ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნა. როგორც ლავროვმა თქვა, ირანულმა მხარემ ინიციატივა პოზიტიურად შეაფასა და რომ მსგავსი დამოკიდებულება აქვთ აზერბაიჯანს და თურქეთს.

ფორმატში მონაწილეობის შესაძლებლობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 8 ოქტომბერს ილაპარაკა. მან თქვა, რომ "ჩვენ რაღაც ფორმით ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებსა და ურთიერთობებში მაინც უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაც დათმობის ხარჯზე". 

კრიტიკის შემდეგ საგარეო უწყების პრესსამსახურმა დააზუსტა, რომ ზალკალიანის განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა და რომ საქართველო რუსეთთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს. 

 

close დახურვა