logo
ENG

სუს: სპეცრაზმელების მობილიზება არ ხდება, არც ერთ სპეცრაზმელს მუდმივი ადგილი არ დაუტოვებია

23 ოქტ 202112:01
3 წუთის საკითხავი
clock 332

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზუგდიდში, გორსა და ბათუმში სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება ხდება. 

"გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეც დანიშნულების რაზმის გადაადგილებასთან დაკავშირებით.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია.

მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, პირდაპირ ემსახურება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვას, აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას". - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. 

23 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 02:00 საათზე ენმ-ის თავმჯდომარემ და მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ მისი ინფორმაციით, სუს-ის 30 სპეცწარმომადგენელი თბილისიდან მივლენილია ზუგდიდში, რათა გამთენიისას ან ხვალ მოახდინონ დაკავებები.  

სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს, ღამით დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებულია ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავა, ასევე გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. 

ნაციონალური მოძრაობის წევრის, თენგიზ გუნავას ინფორმაციით, ხობში პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას სახლში იარაღი და ხელყუმბარა დაუდეს. რაფავასთან სახლში კრიმინალური პოლიციისა და იმერეთის სამხარეოს თანამშრომლები იყვნენ. გუნავა მომხდარს ქართული ოცნებისთვის არჩევნების გაყალებებაში ხელის შეშლას უკავშირებს.

სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, მიყოლებით, თანამდებობა დატოვეს შსს-ს თანამშრომლებმა  რევაზ ლაზიშვილმა და ჭაბუკა რაფავამ.

close დახურვა