logo

"ენკას" ახალი დირექტორი ამბობს, რომ აქციის მონაწილეები მათ თანამშრომლებს ემუქრებიან

04 აპრ 202114:02
3 წუთის საკითხავი
clock 567

კომპანია ენკას ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ ნამახვანჰესის აშენების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები მათ თანამშრომლებს აშინებენ.

ლომინაძეს კონკრეტული შემთხვევები არ დაუსახელებია, თუმცა, სახალხო დამცველს მათი შესწავლისკენ მოუწოდა. 

"ჩვენ ვთვლით, რომ ეს მშენებლობა არის ის საქმე, რომელსაც უნდა ვემსახურებოდეთ. შესაბამისად, ჩვენი თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოება და ღირსება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მინდა, მოვუწოდო სამართალდამცველებს, უზრუნველყონ ჩვენი თანამმშრომლების ამ უფლების დაცვა. 

მინდა, ვთხოვო სახალხო დამცველის აპარატს, შეისწავლოს ადგილობრივი თანამშრომლების უფლებების დარღვევას, კერძოდ, დასაქმების უფლებას". - თქვა მან. 

მისივე თქმით, ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც გუშინ დაიწყო, არ შეჩერდება. 

რიონის ხეობაში საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შეკრებილია ასობით ადამიანი. პოლიციამ ისინი მშენებლობამდე არ მიუშვა. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, დგას წყლის ჭავლის მანქანაც. 

დღეს ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ დაიწყება თბილისში მასშტაბური პროტესტისთვის მზადებაც. 

 რიონის ხეობის მცველები ნამახვანჰესის აშენებას 161 დღეა, აპროტესტებენ. 

გუშინ, 3 აპრილს, როცა სამუშაოები განახლდა, გარდა იმისა, რომ აქციის მონაწილეებს გადაადგილება შეუზღუდეს, ასევე დაახშეს ინტერნეტი. დააკავეს 2 ადამიანი, ღამით კი კარვებამდე არ მიუშვეს აქტივისტები, რომლებიც მოგვიანებით კომენდანტის საათის დარღვევის მიზეზით 2000-2000 ლარით დააჯარიმეს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების და ომბუდსმენის შეფასებით, აქციის მონაწილეების მიმართ მათი კონსტიტუციური უფლებები დაირღვა. 

***

რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას 161 დღეა აპროტესტებენ. მათი თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 

აქტივისტებმა ეკონომის მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრა მოითხოვეს. თურნავა სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად მათ შეხვდა კიდეც, თუმცა, შეხვედრა კითხვებზე პასუხის გარეშე, რამდენიმე წუთში დატოვა. სწორედ ამის შემდეგ დაემატა დემონსტრანტების მოთხოვნებს თურნავას გადადგომა. 

ქუთაისის აქციებს წინ უძღოდა პროტესტი რიონის ხეობაში. დემონსტრანტებს ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი. ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალა. 

ორგანიზაცია EMC ამბობს, რომ ხელისუფლებამ ინვესტორს ტერიტორია 99 წლით, სიმბოლურ ფასად გადასცა გადასცა, ამასთან, შეთანხმებაში არის პუნქტი, რომ კომპანიას უფლება აქვს, 15 წლის შემდეგ საქართველოს ელექტროენერგია არ მიაწოდოს. 

ორგანიზაციის შეფასებით, ნამახვანის კასკადის პროექტი სამართლებრივ დარღვევებს, მაღალ სოციალურ და ეკოლოგიურ რისკებს შეიცავს 

ორგანიზაციის მოკვლევით, აშენების შემთხვევაში, ნამახვანის ჰესების კასკადი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი გახდება საქართველოს ტერიტორიაზე. კასკადი ორი ჰესისგან შედგება და მათი საერთო სიმძლავრე 430 მეგავატს აღემატება. პროექტში, რომლის მთლიანი ღირებულება 700 მილიონ დოლარს აჭარბებს, რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორი და სამშენებლო კომპანია მონაწილეობს. არსებული პროექტი მოიცავს 15 კილომეტრის სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასაც.

კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს - ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრს შეადგენს.

EMC ამბობს, რომ პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მაღალია მისი პოტენციური ზეგავლენა ადგილობრივ სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე, ისევე როგორც ზეგავლენასთან დაკავშირებული რისკები. დასატბორ ტერიტორიაში ხვდება 110 ოჯახი, რომლებიც შესაძლოა გამოასახლონ. ზეგავლენის არეალში ექცევა 20-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რამდენიმე სოფელი და 10-ზე მეტი არქეოლოგიური ობიექტი.

close დახურვა