logo
ENG



RANHIGS-ის სტუდეტებს ნავალნის დაკრძალვაში ან მიტინგში მონაწილეობისთვის გარიცხვით ემუქრებიან

29 თებ 202413:22
3 წუთის საკითხავი
clock 1365
2024/02/29/p3erlxrntczn5mj.jpg

პრეზიდენტთან არსებული რუსეთის ეროვნული ეკონომიკისა და სახელმწიფო მართვის აკადემიის სტუდენტები გააფრთხილეს, რომ თუ 1-ელ მარტს ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკრძალვას დაესწრებიან ან მიტინგში მიიღებენ მონაწილეობას, სასწავლებლიდან დაუყოვნებლივ გარიცხავენ.

"29 თებერვალს და 1 მარტს იყავით ყურადღებით და გვერდი მოუარეთ ნებისმიერ მიტინგს და შეკრებას ცენტრში! თქვენ სწავლობთ რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ აკადემიაში, ნებისმიერი მონაწილეობა მიტინგში - დაუყოვნებლივ გარიცხვას უდრის", - ეწერა იმ მოკლეტექსტურ შეტყობინებებში, რომლებიც სტუდენტებმა ტელეფონზე მიიღეს.

ალექსეი ნავალნის ხვალ, 1 მარტს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

***

ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპანავალნი 47 წლის იყო. რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველო ირწმუნებოდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბია. 

მოგვიანებით, ნავალნის დედას შვილის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად კოლონიის წარმომადგენლებმა "უეცარი სიკვდილის სინდრომი" დაუსახელეს. 

ოპოზიციონერის ცხედარი ოჯახს 9 დღის განმავლობაში არ გადასცეს. როგორც ნავალნის დედა ყვებოდა, გამომძიებლები მას აშანტაჟებდნენ, შვილის საიდუმლო დაკრძალვას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ციხის ტერიტორიაზე დაკრძალვით იმუქრებოდნენ. 24 თებერვალს საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს.

გასული წლის დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეტაპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

N3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი. აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია. 


close დახურვა