პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას აქვს ყველა შანსი ომი მომდევნო წელს დაასრულოს, ხოლო იანვარში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებები უფრო გასაგები უნდა იყოს.
"მინდა ვნახო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის შემოთავაზებები. მგონია, რომ ამ შემოთავაზებებს უკვე იანვარში ვიხილავთ. და მე მგონია, რომ ჩვენ ამ ომის დასრულების გეგმა გვექნება. არ მინდა, რომ რუსული დეზინფორმაცია ხალხზე მოქმედებდეს, თითქოს ჩვენ მხოლოდ ჩვენი გეგმა გვაქვს და სხვა პარტნიორების გეგმის მოსმენა არ გვსურს. ეს სიმართლე არაა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს, ჩვენ ამის გაკეთების [ომის დასრულების] ყველა შანსი გვაქვს. ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები არსებობს... ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი ყველა ამ ნაბიჯზე არ წავა, მაგრამ არსებობს გაეროს წესდება და ყველა ჩვენი ნაბიჯი, რომელიც გაეროს წესდებაზეა დაფუძნებული, ჩვენი პარტნიორების მიერ იქნება მხარდაჭერილი", - თქვა ზელენსკიმ.
რაც შეეხება დონალდ ტრამპთან შეხვედრას, ზელენსკი ამბობს, რომ ეს შესაძლოა, პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მოხდეს.
"არ ვიცი როდის იქნება შეხვედრები, გუნდები მუშაობენ ამაზე. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, არა მხოლოდ გრაფიკზე, არამედ ასეთი შეხვედრების ჩატარების ლეგიტიმურობაზე. თუ ჩვენ გვინდა, რომ შეხვედრებზე რაიმე საკითხები მოგვარდეს... მაშინ კანონმდებლობის გათვალისწინებით ეს ინაუგურაციის მერე უნდა მოხდეს. თუ ჩვენ რაიმე შეხვედრებს დავაორგანიზებთ, მაშინ, შესაძლოა, ისინი ინაუგურაციამდე ჩატარდეს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.