logo
ENG

2020 წელს ანტიდასავლური გზავნილების ტენდენცია მზარდი იყო - MDF-ის ანგარიში

22 სექ 202112:43
3 წუთის საკითხავი
clock 218
2021/09/22/zvo6tgh6xjnz8au.png

მედიის განვითარების ფონდმა ანტიდასავლური პროპაგანდის რიგით მეექვსე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. 

ანგარიშის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ გასულ წელს ანტიდასავლური გზავნილების ტენდენცია მზარდი იყო. ყველაზე მაღალი წილი აშშ-ის წინააღმდეგ იყო მიმართული. 

ორგანიზაციამ გამოკვეთა შემდეგი ტენდენციები: 

აშშ

ამერიკასთან მიმართებით გზავნილების მატება ნაწილობრივ ამერიკაში მიმდინარე შიდა პროცესებს და არჩევნებში ტრამპის დამარცხებას უკავშირდებოდა, ასევე საქართველოში მიმდინარე არჩევნების კონტექსტში ამერიკული კვლევითი ორგანიზაციების (NDI-IRI) წინააღმდეგ კრემლისტური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ინიცირებულ დისკრედიტაციის კამპანიას.

აშშ-ის შიდა პროცესებთან დაკავშირებით გამოიკვეთა 3 ახალი გზავნილი:

1) ამერიკა გაყოფილია/ არჩევნები გაყალბდა/ამერიკას არ აქვს მორალური უფლება სხვას ჭკუა ასწავლოს;

2) ამერიკაში სისტემური რასიზმია;

3) ამერიკა კორუმპირებულია. 

NATO

ამერიკისგან განსხვავებით, ნატოს წინააღმდეგ გაკეთებული კომენტარები თითქმის განახევრებულია, რაც ინტეგრაციის მიმართულებით ინიციატივების არარსებობას უკავშირდებოდა. ნატოსთან მიმართებით ორი ახალი ნარატივი გამოიკვეთა:

1) პანდემიის გამო ნატო უფუნქციოა/ ნატო=ინფიცირების საფრთხეს;

2) ყარაბაღის კონფლიქტი ნატოს უსაფრთხოებას ცვლის. 

ევროკავშირი

ახალი გზავნილი ევროკავშირთან მიმართებითაც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდებოდა, რა დროსაც მკვიდრდებოდა აზრი, რომ პანდემია ევროკავშირის ერთიანობას საფრთხეს უქმნიდა, რადგან ევროკავშირმა წევრი ქვეყნების მიმართ სოლიდარობა ვერ გამოიჩინა და მათ დახმარება ვერ გაუწია. ამასთანავე 2020 წელს გაზრდილია გზავნილები, რომლებიც საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების უსარგებლობაზე აკთებენ აქცენტს 

დასავლეთი

დასავლეთთან მიმართებით შემდეგი გზავნილები გამოიკვეთა:

  • დასავლეთს გლობალური კონტროლის/ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება სურს;
  • ლიბერალური წესრიგი მარცხდება;
  • დასავლეთი ისტორიის რევიზიას ცდილობს/თანამშრომლობდა ჰიტლერთან;
  • დასავლეთი არ არის სოლიდარული/ ვერ გაუმკლავდა პანდემიას. 

რუსეთი

ბოლო 5 წლის დინამიკის ანალიზი ასევე აჩვენებს, რომ რუსეთის, როგორც უალტერნატივო ძალის, ასევე ავტორიტარული მმართველობის მხარდამჭერი განცხადებები ეტაპობრივად გაზრდილია.

ორი ახალი გზავნილი, რომელიც 2020 წელს რუსეთის თემატიკაში მკაფიოდ გამოიკვეთა, ერთი მხრივ, საქართველოს შიდა საარჩევნო პროცესს, მეორე მხრივ, თურქეთ-აზერბაიჯანის „საფრთხის“ შეკავებას, ასევე ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში რუსეთის როლს უკავშირდებოდა: 

1) ბრალდებები რუსეთის საქართველოს არჩევნებში ჩარევაზე დაუსაბუთებელია;

2) თურქეთის შეკავება/კავკასიაში კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ რუსეთს შეუძლია

იდენტობა

იდენტობის დაკარგვის საფრთხესთან და ღირებულებით დისკურსთან დაკავშირებული გზავნილები მცირედით შემცირებულია, თუმცა ზოგადად ანტილიბერალური დისკურსი გამჭოლ თემად თითქმის ყველა მიმართულებით ფიგურირებს. ძველ გზავნილებთან ერთად, რომ დასავლეთი ჰომოსექსუალობას, პედოფილიასა და გარყვნილი ცხოვრების წესს თავს გვახვევს და ებრძვის ტრადიციულ იდენტობას/ეკლესიას, ახალი გზავნილი ამკვიდრებდა მოსაზრებას, რომ ამერიკის არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება ლგბტ დღის წესრიგის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობდა ხელს.

სოროსი / არასამთავრობოები

დამოკიდებულებები ამერიკელი ფილანტროპისა და ფონდ ღია საზოგადოების დამფუძნებლის ჯორჯ სოროსის, ასევე არასამთავრობოების მიმართ ანტიდასავლურ მედიაში არ შეცვლილა. 2020 წელს დომინირებდა გზავნილი, რომ სოროსი ებრძვის ტრადიციულ იდენტობას, ახალისებს ნარკომანიას, ახალისებს გადატრიალებებს, მათ შორის ამერიკაში და აფინანსებს ანტიფას, საქართველოს შიდა საქმეებში ერევა. 

გავლენის სტრატეგიები და ნარატივის სტრუქტურა

წინა წლებისგან განსხვავებით, 2020 წელს კრემლი და მასთან დაკავშირებული აქტორები თავდასხმით სტრატეგიასთან ერთად თავდაცვით კომუნიკაციაზე გადავიდნენ, რაც თავის მხრივ, დასავლეთის მხრიდან რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირების შედეგია.

თავდაცვითი კომუნიკაცია, ერთი მხრივ, საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შემთხვევაში გამოვლინდა, მეორე მხრივ, ევროპარლამენტის რეზოლუციასთან მიმართებით, რომელიც სსრკ-სა და ნაცისტური გერმანიის თანამშრომლობას შეეხებოდა.

ანტიდასავლური გზავნილების ნარატივების სტრუქტურა, წინა წლების მსგავსად, კვლავ 3-საფეხურიანი იყო და 1) შიშების კულტივირებას, 2) უიმედობისა და სკეპტიციზმის დანერგვას და 3) ერთმორწმუნე და ძლიერი რუსეთის დასავლეთის ალტერნატივად დასახვას ახდენდა. 

წინა წლების მსგავსად ანტიდასავლური პროპაგანდა 4 შიშის ინსტრუმენტალიზაციას ახდენდა:

1) რუსეთის პროვოცირების, ომის განახლების და არასტაბილურობის შიში;

2) ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის შიში;

3) ბიოლოგიური დივერსიისა და გლობალური კონტროლის შიში;

4) იდენტობის დაკარგვის და ასიმლაციის შიში.

შიშების კულტივირება

ძველი გზავნილების გარდა, რომ 2008 წლის ომი რეალურად ამერიკის პროვოცირებულია და დასავლეთი არ არის დაინტერესებული რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებით, 2020 წელს, დამატებით საქართველოს და მთლიანად რეგიონის კონფლიქტში ჩათრევასთან დაკავშირებული განცხადებები უფრო მეტად აქტუალური ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების გამო გახდა.

ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის შიში ისევ ნატოში ინტეგრაციასთან იყო დაკავშირებული და ნატოში დაჩქარებული წესით საქართველოს ინტეგრირების ინიციატივის მანიპულაციურ ინტერპრეტაციას, ასევე თურქეთის ჯარის საქართველოში ინტერვერნციის შესახებ კონსპირაციას უკავშირდებოდა.

ბიოლოგიური დივერსიისა და გლობალური კონტროლის შიში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ტრადიციული გზავნილების გარდა, 2020 წელს კორონავირუსის ხელოვნური წარმომავლობის და გლობალური კონტროლოს დამყარების შესახებ ახალ გზავნილებს უკავშირდებოდა. მართალია, კათოლიციზმის მართლმადიდებლობასთან შეუთავსებლობა ანტიდასავლური დისკურსის შემადგენელი წინა წლებშიც იყო, თუმცა 2020 წელს რომის პაპის ფრანცისკეს განცხადებას, რომ ჰომოსექსუალ წყვილებს სამოქალაქო კავშირში ყოფნის უფლება კანონმდებლობით უნდა მიეცეთ, ანტიკათოლიკური გზავნილების მატება მოჰყვა.

უიმედობის და სკეპტიციზმის დანერგვა

გამოიკვეთა 6 გზავნილი, რომელიც დასავლეთის მიმართ სკეპტიციზმის დანერგვას უწყობდა ხელს:

1. დასავლეთი სამხედრო საფრთხეებისგან ვერ დაგვიცავს;

2. დასავლეთი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას ვერ დაიცავს;

3. დასავლეთი პანდემიისგან ვერ დაგვიცავს;

4. ლიბერალური წესრიგი მარცხს განიცდის;

5. დემოკრატია/სუვერენიტეტი ფიქციაა;

6. ასოცირების ხელშეკრულება/ევროკავშირი უსარგებლოა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სადავო მონაკვეთზე მდებარე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით წამოწყებულმა კამპანიამ ნოყიერი ნიადაგი შექმნა კრემლისტური და ანტილიბერალური ჯგუფებისთვის, ისტორიული ოკუპაციის კონტექსტში თურქეთთან ერთად აზერბაიჯანიც განეხილათ და რუსეთის ამჟამინდელი ოკუპაციიდან ისრები ისტორიულ მტრობაზე გადაეტანათ. ამასთანავე, აქცენტი გაეკეთებინათ იმაზე, რომ სტრატეგიული პარტნიორები აზერბაიჯანის და თურქეთის საფრთხისგან არ გვიცავენ და ერთადერთი ძალა, რომელსაც ამ საფრთხის შეკავება შეუძლია, რუსეთია. 

რუსეთი, როგორც დასავლეთის ალტერნატივა

რუსეთის, როგორც დასავლეთის ალტერნატივის წარმოჩენისას აქცენტი 6 გზავნილზე კეთდებოდა:

1) ნეიტრალიტეტი საქართველო-რუსეთს შორის წინააღმდეგობებს მოხსნის;

2) მეზობელი ქვეყნებისგან საქართველოს დაცვა მხოლოდ რუსეთს შეუძლია, ისევე როგორც აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება პირდაპირი დიალოგის გზით;

3) პანდემიისგან ხსნა ავტორიტარულ ქვეყნებს/საბჭოთა მედიცინას ძალუძს;

4) რუსეთი მესამე რომია, რომელიც დასავლეთის მორალური ოკუპაციისგან გვიცავს;

5. საბჭოთა კავშირი პოლიტიკურად სტაბილური და სოციალურად დაცული სისტემა იყო;

6). საქართველო ეკონომიკურად დამოკიდებულია რუსულ ბაზარზე.

close დახურვა