logo
ENG



როდის გაიხსნება ბაღები და რა პრობლემების წინაშე დგანან ისინი პანდემიის პერიოდში

09 ივლ 202018:30
3 წუთის საკითხავი
clock 4475
vbj2ypiosy9vk2e.jpg

 

პანდემიის გამო უკვე 3 თვეზე მეტია, ბაღებსა და სკოლებში სწავლა შეჩერებულია. სასწავლო პროცესის შეჩერებამ პრობლემა შეუქმნა როგორც ბაღებს და მათ თანამშრომლებს, ასევე მშობლებს, რომელთაც ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავთ.

ბაღების მართვის საგენტოში აცხადებენ, რომ საჯარო დაწესებულებები სექტემბრისთვის სწავლის განახლებისთვის მზად არიან, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციისგან ნებართვას ელოდებიან. მათი თქმით, სამინისტრო  რეგულაციებზე უკვე მუშაობს, რომელიც სწავლის განახლებისთვის უნდა შემუშავდეს, მაგრამ რა ეტაპზეა პროცესი, ეს ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება.

რაც შეეხება კერძო ბაღებს, როგორც კერძო ბაღების ასოციაციის პრეზიდენტი, ანა უსტიაშვილი ამბობს, სასწავლო პროცესის შეჩერებამ მათ არაერთი პრობლემა შეუქმნა - კერძო ბაღები ვერ ახერხებენ მათზე დაკისრებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვას, ზოგიერთი ბაღის შენობა კი უკვე გაქირავების ვებსაიტზე დევს.

„ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დავდექით. ჯერ მეიჯარეებთან, აქიდან დავიწყოთ, შემდეგ მშობლებთან, შემდეგ მომსახურე პერსონალთან. პრობლემები უამრავი გვაქვს. ფინანსური პრობლემებიც თავისთავად გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენზე დაკისრებულ ფინანსურ ვალდებულებებს ვერ ვასრულებთ, ვერც მეიჯარეებთან, ვერც თანამშრომლებთან.

ფაქტრობრივად, ბაღების შენობები დევს უკვე გაქირავების საიტზე და ვერ ვიხდით გადასახადს. უკვე ლიკვიდაციისკენ მივდივართ. პეტიცია შედგა, მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს და მოლოდინის რეჟიმში ვართ“,-აცხადებს ანა უსტიაშვილი.

31 მაისს საქართველოში არსებული კერძო ბაღების წარმომადგენლებმა და მშობლებმა საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა და განათლების სამინისტროს, კერძო ბაღების ფუნქციონირების აღსადგენად პეტიციით მიმართეს.

პეტიციაში კერძო ბაღები და მშობლების საინიციატივო ჯგუფი რეკომენდაციებისა და ხედვის შემუშავებას მოითხოვდნენ, რათა ბაღებმა ფუნქციონირება დროულად აღადგინონ.

მიუხედავად ასეთი მნიშვნელობისა ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისა და ეკონომიკის ამუშავებისათვის, სამწუხაროდ, ამ სექტორზე არავინ საუბრობს, მეტიც შეკითხვების მიუხედავად პასუხებს არავინ იძლევა, არის სრული იგნორირება, რაც ამ რთულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ყველასთვის.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ საკითხის მნიშვნელოვანება ბავშვებისათვის, მშობლებისათვის და ამ სექტორში დასაქმებული ათასობით ადამიანისათვის და სპეციალისტების მონაწილეობით რაც შეიძლება მოკლე დროში შეიქმნას ხედვა, რეკომენდაციები და გრაფიკი ფუნქციონირების აღსადგენად“,-ნათქვამია პეტიციაში.

კერძო ბაღების მიმართვაზე, ასოციაციის პრეზიდენტიც საუბრობს და აცხადებს,  რომ რეკომენდაციების შესახებ პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ბაღების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს.

დაკეტილმა ბაღებმა პრობლემები შეუქმნა მშობლებს, რომლებმაც არ იციან, როდის შეძლებენ ბავშვის ბაღში მიყვანას. მათი თქმით, პრობლემები იქმნება როგორც ბავშვის დატოვების მხრივ, ასევე ფინანსურადაც.

„ამ ყველაფერმა უამრავი პრობლემა შემიქმნა, ზოგჯერ სამსახურის გაცდენა მიწევს ხოლმე. თუ დისტანციურად ვმუშაობ, მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში ბავშვებზე მაქვს ყურადღება გადატანილი და შესრულებული სამუშაოს პროდუქტიულობა იკლებს.

ბაღების დაკეტვა ოჯახის ფინანსურ მხარესაც შეეხო. გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და ძიძის აყვანა დამჭირდა, ეს კი საკმაოდ სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული“,-აცხადებს თინათინ დემეტრაძე.

კერძო ბაღების გახსნისა და რეკომენდაციების შემუშავების მოთხოვნით 24 ივნისს აქცია გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროსთან. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა  კერძო ბაღებისთვის კონკრეტული რეგულაციების შემუშავება და სააღმზრდელო პროცესის განახლება იყო.

მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა ბაღებისთვის და მშობლებითვის ამ დრომდე უცნობია როდის, ან რა ფორმით განახლდება სასწავლო პროცესი ბაღებში.

 


close დახურვა