logo
ENG



ყაველაშვილი შენგელიაზე: CSKA-ში ამერიკელები თამაშობენ და რატომ არ შეიძლება ქართველმა ითამაშოს?! 

09 ივლ 202019:16
3 წუთის საკითხავი
clock 2716
9jjr2pkk2grlasc.png

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას რუსულ CSKA-ში გადასვლას ეხმაურება და ამ გადაწყვეტილებას წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. 

ყაველაშვილისთვის გაუგებარია თუ რატომ წარმოადგენს პრობლემას შენგელიას გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც გუნდში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც თამაშობენ. 

"მაგალითი არის ჩვენი მოზარდი თაობის, ყველასი და მინდა წარმატება ვუსურვო, სოლიდარობაც გამოვუცხადო. დააკვირდით შემადგენლობას, თუ ეს CSKA არის, რატომ თამაშობენ აქ დაახლოებით 4-5 ამერიკელი, 2 ლიტვის მოთამაშე, ლატვიელი კალათბურთელები თამაშობენ და არ შეიძლება ქართველმა კალათბურთელმა ითამაშოს?

თორნიკე შენგელიამ მოქალაქეობა დათმო? ქართველობა დათმო, თუ რაზე არის საუბარი? ის არის საქართველოს ნაკრების კაპიტანი. საქართველოს ნაკრები როცა ეთამაშება ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, ის იქნება საქართველოს ნაკრების რიგებში და არანაკლებ სხვა კალათბურთელებისა ის დაიხარჯება, როგორც იხარჯებოდა და საამაყოა. ჩემთვის საამაყოა ეს ადამიანი," - განაცხადა ყაველაშვილმა.

ცოტა ხნის წინ შენგელიას გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოსკოვის გუნდში გადასვლა მისთვის მიუღებელია.

შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიამ ესპანური "ბასკონია" 6 წლის შემდეგ დატოვა და რუსულ "ცსკა"-ში გადავიდა. ეს ფაქტი თავად ესპანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა და ქართველ კალათბურთელს "ბასკონიაში" გატარებული დროისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაცია მოსკოვური კლუბის ოფიციალურმა twitter გვერდმაც დაადასტურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის კლუბში მომავალი 3 წლის განმავლობაში ითამაშებს.


close დახურვა