logo

თურნავა: გაერო-ს ღონისძიების თბილისში ჩატარება ნიშანია, რომ ტურიზმი ეტაპობრივად აღდგება

16 სექ 202012:05
3 წუთის საკითხავი
clock 14 clock 230

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველომ "მწვანე ქვეყნის" სტატუსი ეფექტიანად გამოიყენა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თბილისში, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ჩატარება იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმი ეტაპობრივად აღდგება.

"ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით მწვანე ქვეყნის სტატუსს. მიუხედავად იმისა, რომ გავზარდეთ მობილობა, აქტიურად ჩავატარეთ ადგილობრივი ტურიზმის სეზონი და გავხსენით ბიზნესები, მაინც მოვახერხეთ ის, რომ ვუმასპინძლეთ ასევე უცხოელ ვიზიტორებს უსაფრთხო კორიდორების ფარგლებში. ჩვენ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენეთ ეს სტატუსი მაგრამ იმდაგვარად, რომ საფრთხე არ შეგვექმნა ჩვენი მოსახლეობისთვის. დღევანდელი ღონისძიებაც პირველი ნიშანია იმისა, რომ ჩვენთან ეტაპობრივად აღდგება არა უბრალოდ ტურიზმი, არამედ საქმიანი ტურიზმი, საკონფერენციო ტურიზმი და საქართველო იქნება საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების ცენტრი", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ბიზნესის შეზღუდვა არ იგეგმება.

"ვითარებას სრულად ვაკონტროლებთ. გადავედით ე.წ. ადაპტაციის ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ საყოველთაო კარანტინის გარეშე, ბიზნესის სერიოზული შეზღუდვის გარეშე, დარგობრივი ჩაკეტვების გარეშე გავაგრძელებთ საქმიანობას კოვიდის პირობებში და არ დავკეტავთ ეკონომიკას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, 16 სექტემბერს, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, კორონავირუსის 2 758 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 412 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. 



close დახურვა