logo

უკავშირდება თუ არა გიორგი შაქარაშვილის საქმეს ე.წ ჯართის შემგროვებლის დაკავება

19 სექ 202020:04
3 წუთის საკითხავი
clock 5 clock 301

39 წლის ლევან ყარყარაშვილის, ე.წ ჯართის შემგროვებლის საქმის არსებითი განხილვა 20 ოქტომბრამდე გადაიდო. საქმის გადადება მისმა ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა ითხოვა, რომელიც საქმეში 15 სექტემბერს ჩაერთო. მანამდე ყარყარაშვილს ადვოკატი არ ჰყოლია სწორედ 15 სექტემბერს უნა გამართულიყო ყარყარაშვილის საქმის პირველი არსებითი განხილვა, თუმცა, ნიკოლაიშვილმა საქმის მასალების გასაცნობად დრო ითხოვა.

გამოძიება 39 წლის კაცს ელექტროენერგიის ბოძის მოპარვის მცდელობას ედავება (სისხლის სამართლის კოდექსის 19.177-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის დაჭრის დროსაც ე.წ ფერადი შენობის მიმდებარედ ბუჩქნარი დაიწვა.

ამ ტერიტორიაზე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ღამეს საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა.

პროკურატურის მტკიცებით, ყარყარაშვილმა 138 ლარად შეფასებული ბოძის დანაწევრება ელექტროსაჭრელით სცადა, რა დროსაც გაჩენილი ნაპერწკალი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გამხმარ ბალახს წაეკიდა და ცეცხლი გაუჩნდა. ეს ბოძი ახლაც ე.წ ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გდია.

დაკავებული ლევან ყარყარაშვილი წარდგენილ ბრალს (ქურდობის მცდელობას) აღიარებს. ეს მან სასამართლო სხდომაზე მოსამართლესაც არაერთხელ დაუდასტურა.

მიუხედავად ამ გარემოებებისა, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ყარყარაშვილის ბრალეულობას დაადასტურებს.

"გამოვიდა, რომ ამ ხმაურს შეეწირა ადამიანის ბედი და ისევ ციხეშია მაშინ, როცა ნორმალურ მდგომარეობაში არც ციხეში იქნებოდა და არც ბრალი ექნებოდა წარდგენილი. როცა ქუჩაში რაღაც ბოძი გდია და თითოს ადამიანი ამას აზიანებდა და ბრალს ამ მუხლით უყენებ, ეს ლოგიკური არ არის". - ამბობს ადვოკატი ფორმულასთან.

ყარყარაშვილი საპროცესო შეთანხმებაზეც ლაპარაკობს, თუმცა, პროკურორ ნათია კიკალიას თქმით, ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

ის ასევე გამორიცხავს ყარყარაშვილის კავშირს შაქარაშვილის საქმესთან.

ლევან ყარყარაშვილი წარსულშიც არის ნასამართლევი. მან სასჯელი ძალადობისთვის მოიხადა. საპატიმრო 1 წლის წინ დატოვა, თუმცა, სამსახურის მოძებნა ვერ მოახერხა. როგორც სასამართლო პროცესზე თავად თქვა, შვილისთვის საჩუქრის ყიდვის მიზნით გადაწყვიტა, რკინის ბოძი მოეპარა, თუმცა, განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

მისი ოჯახი ამბობს, რომ "ლევანი პოლიტიკური თამაშების მსხვერპლია" და რომ მისი ბრალეულობა უმცირესია.

ტერიტორია ე.წ ფერად შენობასთან, სადაც გიორგი შაქარაშვილის მეგობარი და მომხდარი ინციდენტის მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, 4 ივლისს დაიწვა. არაერთხელ გამოითქვა ვარაუდი, რომ ტერიტორიის დაწვა შაქარაშვილის საქმესთან იყო კავშირში, ვინაიდან, სავარაუდოდ, დაიწვა არაერთი მტკიცებულებაც. ცეცხლის გაჩენის დროს ამ ტერიტორიიდან ნიადაგის ნიმუშები უკვე აღებული იყო.



close დახურვა