logo
ENG



ამბები, რომლებიც 10 ოქტომბერს არ უნდა გამოტოვო

10 ოქტ 202013:40
3 წუთის საკითხავი
clock 867
vj9pus7theytyxs.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 10 ოქტომბერს უნდა იცოდეთ

 

„შეწყდეს კარტოგრაფების საქმე!“

დღეს, 17:00 საათზე, პარლამენტთან მოძრაობა #სირცხვილიას ორგანიზებით, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

მშვიდობიანი აქციის მთავარი მოთხოვნა დაკავებულების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და მათი გათავისუფლებაა. 

 

შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე

აზერბაიჯანი და სომხეთი, მთიან ყარაბაღში, ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკებები მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შუამავლობით 10 საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ თემაზე განცხადება გაავრცელა:

„საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და კეთილდღეობას“ - წერია განცხადებაში

 

COVID19: საქართველო და მსოფლიო

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 253 და გარდაიცვალა 6 პაციენტი. NCDC-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარადა 8254 PCR ტესტი.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 11 271 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 6 119 პაციენტი განიკურნა, ხოლო 78 გარდაიცვალა.

Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 37.1 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 27.9 მილიონი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი ადამიანი.

 

აფეთქება ბეირუთში

მორიგი მასშტაბური აფეთქება ლიბანის დედაქალაქში. შემთხვევა ბეირუთის მჭიდროდ დასახლებულ უბანში, საწვავის საწყობში მოხდა. აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. 

აგვისტოში ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ლუიზიანის შტატს შტორმი უტევს

ლუიზიანის შტატს ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა. სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 160 კილომეტრს აღწევდა, თუმცა, ამ დროისთვის ქარიშხალი პირველი კატეგორიამდე შესუსტდა.

მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, დახურულია სკოლებიც. ადგილობრივები ძლიერი ტალღების შესახებაც გააფრთხილეს. მეტეოროლოგების პროგნოზით, ლუიზიანის შემდეგ შტორმი მისისიპისა და ტენესის შტატებს გადაუვლის.

 


close დახურვა