logo
ENG



ლიუბარეცი: პროკურატურამ პაროლის თქმა და ჩემი ინფორმაციის სერვერზე შენახვა "შემომთავაზა"

12 ოქტ 202016:35
3 წუთის საკითხავი
clock 1497
ლიუბარეცი: პროკურატურამ პაროლის თქმა და ჩემი ინფორმაციის სერვერზე შენახვა "შემომთავაზა"

პროგრამისტი გიორგი ლიუბარეცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს, ამბობს, რომ პროკურატურამ მისი ტელეფონის პაროლი სთხოვა. მისი განცხადებით, სანაცვლოდ "შესთავაზეს", რომ ინფორმაციას ამოიღებენ და მათ სერვერზე შეინახავენ. 

"პროკურატურისგან "შეთავაზება" მივიღე, მობილურის პაროლი მოგვეცი, ამ ინფორმაციას ამოვიღებთ იქიდან და შევინახავთ ჩვენს სერვერებზე, თუ დათვალიერებისას რამე საეჭვოდ მოგვეჩვენაო:

  • WhatsApp ჩატები (ყველა ადამიანთან);
  • Viber ჩატები (ყველა ადამიანთან);
  • Slack ჩატები (ყველა ადამიანთან);
  • Facebook Messenger ჩატები (ყველა ადამიანთან);
  • SMS-ები (ყველა ადამიანთან);
  • ყველა სხვა მესენჯერის ჩატები;
  • GPS გადაადგილების ისტორია;
  • ზარები;
  • კონტაქტები;
  • სურათები;
  • ვიდეო ფაილები;
  • აუდიო ფაილები;
  • ინტერნეტ ბრაუზერის ისტორია;
  • ბრაუზერში შენახული პაროლები;
  • ბრაუზერში შენახული საბანკო ბარათები;
  • ყველა სხვა აპლიკაციაში შენახული მონაცემები (მათ შორის, 3 სხვადასხვა ბანკის აპლიკაცია);
  • ყველა სხვა ინფორმაცია, რაც მობილურზე ინახება, სრულად.

აქედან ყველაფერი ჩამოთვლილი არ იყო. მესენჯერები იყო ჩამოთვლილი ძირითადად და ბოლოში "მობილურზე შენახული ყველა სხვა ინფორმაცია". ეს ბოლო გავშალე, რაც ჩემს ტელეფონზე ინახება. ეს მონაცემები შეინახება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სერვერებზე უვადოდ. ამ მონაცემებში არის ძალიან ბევრი ადამიანის პირადი და სენსიტიური ინფორმაცია. არა მხოლოდ ჩემი.

სახელმწიფო ინსპექტორმა დაწერა ანგარიშში 2019 წელს, რომ საგამოძიებო უწყებებს აქვთ ფიზიკურ პირებზე საკმაოდ მოცულობითი და სენსიტიური შინაარსის მონაცემთა ბაზები, რომლებშიც ეს მონაცემები ინახება უვადოდ.

აუცილებლად გავარკვევ, რამხელა მოცულობაზეა საუბარი და რამხელა ბაზები აქვთ", - წერს პროგრამისტი.

მისი თქმით, პაროლის გადაცემის შემთხვევაში, მისი და მასთან კონტაქტის მქონე პირების სენსიტიური პერსონალური ინფორმაციაც, შესაძლოა, იგივენაირად შეინახონ იქ და გამოიყენონ უვადოდ, ნებისმიერი საფუძვლით და ნებისმიერი მიზნით.

"ამ მონაცემების მოთხოვნის ერთადერთი საფუძველი პროკურატურას აქვს ის, რომ 22 ივლისს ინტერნეტში რუკებს ვათვალიერებდი. ერთ-ერთი ლოკაცია, რომელიც დავათვალიერე, აღმოჩნდა ის, რომელიც ვიღაცამ ჟურნალისტ ელისო კილაძეს გადასცა ვოთსაფით.

ამ რუკებს ათვალიერებდა უამრავი ადამიანი. ამ საქმეზე ინფორმაციას ეძებდა უამრავი ადამიანი. ჩემ მიერ დასერჩილი ლოკაცია იყო საჯარო და ხალხი საჯაროდ ლაპარაკობდა ამ ლოკაციაზე.

თითქმის იგივენაირად, როგორც შაქარაშვილის საქმეზე "ქებაბ ჰაუსი" დასერჩა თითქმის მთელმა ქვეყანამ.

შევთავაზე მხოლოდ ვოთსაფის გახსნა, მაგრამ არ იყო საკმარისი ეგ.

ყველა კითხვაზე ვუპასუხე გამოძიებას. მათ შორის, ჩემი პროფესიული ცოდნიდან გამომდინარე დავეხმარე და ავუხსენი, რაც არ იცოდნენ. არც ეგ იყო საკმარისი.

მოსამართლემ ამ აბსურდზე ხელი მოაწერა.

ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების რეალური და ეფექტური გზები არ არსებობს (მაქსიმუმ პროკურატურას შემიძლია ვუჩივლო, პროკურატურაში).

რა თქმა უნდა, პაროლი არ მიმიცია. არ ვაპირებ, რომ ჩემი და ჩემი ახლობლების პერსონალური მონაცემების შეგროვებაში, შენახვაში და დამუშავებაში კონტრიბუცია გავაკეთო. მითუმეტეს მაშინ, როცა არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, არც ის გამიკეთებია, რისი ეჭვიც აქვთ და არც იმ ადამიანზე აქვთ ამხელა მონაცემების შეგროვების კანონიერი საფუძველი, ვინც გააკეთა.

არც ერთი ადამიანის შესახებ არ უნდა ინახავდეს სახელმწიფო ასეთი მასშტაბების ინფორმაციას უვადოდ და უამრავი თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომად.

ვისაც გაქვთ რამე ინფორმაცია ან თქვენზე, ან ნაცნობებზე, რომლებსაც იგივენაირად მოპარა სახელმწიფომ ასეთი ინფორმაცია, მითხარით. ყველასთან ვიმუშავებ, რომ ასეთი რაღაც აღარ ხდებოდეს. არავინ იცით, როდის და რისთვის გამოიყენებენ ამ ინფორმაციას და რა საფუძვლით", - წერს ის Facebook-ზე.

პროგრამისტი რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში ბაჩალიაშვილის საქმეზე დაიბარეს. მისი თქმით, დაბარების მიზეზი ის გახდა, რომ ბაჩალიაშვილის შესახებ "რაღაცები დასერჩა". მან პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი თქვა და საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.


close დახურვა