logo
ENG



Facebook-მა მძევლების შესახებ მძინარაშვილის პოსტი ყალბ ინფორმაციად გამოაცხადა

22 ოქტ 202001:09
3 წუთის საკითხავი
clock 3663
4u35w020zlj4oqr.png

Facebook-მა საზმაუს ბორდის წევრის, ბონდო მძინარაშვილის პოსტს, რომელშიც ის ზუგდიდში განხორციელებულ პოლიტიკურ თავდასხმას "ნაცსექტის მიერ დადგმულ სპექტაკლს" უწოდებდა, ყალბი ინფორმაციის იარლიყი დაურთო. 

პოსტში მძინარაშვილი თავდამსხმელის მიერ აყვანილ მძევლებს "სპექტაკლის მონაწილეებს" უწოდებდა და აცხადებდა, რომ არცერთის სიცოცხლეს არცერთ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრებოდა. 

"ყველა, ვინც ახლა ბანკის შენობაშია, არის ტერორ-სპექტაკლის მონაწილე. ნუ ღელავთ, არავინ არავის არ მოკლავს. ყველა ერთმანეთს იცნობს, ნიღბიანიც და უნიღბოც. ეს არის სპეციალურად წინასაარჩევნოდ მოწყობილი ტერორ-სპექტაკლი", - წერს მძინარაშვილი Facebook-ზე

დამოუკიდებელი Fact-checker-ების შეფასებით, მძინარაშვილი ამ პოსტით კონსპირაციის თეორიების გავრცელებას ცდილობდა, რომელიც არცერთ ფაქტს არ ემყარება. 

"ბონდო მძინარაშვილის მტკიცებას, რომ მძევლები ოპოზიციის მიერ "წინასაარჩევნოდ მოწყობილ ტერორ-სპექტაკლში" შეგნებულად მონაწილეობენ, ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს", - ვკითხულობთ იარლიყს თანდართულ განმარტებაში. 

ტერორისტულ თავდამსხმელს ამ დრომდე 3 პირი მძევლად ჰყავს აყვანილი. საინკასაციო მანქანით ფულის მიტანის შემდეგ, თავდამსხმელი პოლიციის მანქანაში მძევლებთან ერთად ჩაჯდა და ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა. 

ამ დრომდე უცნობია, რა მიმართულებით მიემართება თავდამსხმელი პოლიციის მანქანით. 


close დახურვა