logo

ჰარცელი: საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდიც დააკვირდება

29 ოქტ 202019:56
3 წუთის საკითხავი
clock 10 clock 226
9azgsmzhfwu1z9y.png

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება.  

ჰარცელი აღნიშნავს, რომ ევროპელი დიპლომატებისგან შემდგარი 70–ზე მეტი სადამკვირვებლო გუნდი საქართველოში 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე განაწილდება. მისი თქმით, დიპლომატების გუნდი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირის) სადამკვირვებლო მისიას დაეხმარება. 

"ორ დღეზე ნაკლები გვაშორებს იმ მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ხმის მისაცემად საარჩევნო ყუთებთან მივლენ. გლობალურმა პანდემიამ არჩევნებისთვის  მზადების პროცესი განსაკუთრებით გაართულა. ნება მომეცით, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება შესაძლებელი გახადა.

ევროკავშირი თავიდანვე ჩართული იყო, მათ შორის, 8 მარტის შეთანხმების ხელშეწყობაში, რომელმაც ახალი საარჩევნო სისტემის მეშვეობით, ყველა მონაწილისთვის უფრო თანაბარი შესაძლებლობები უზრუნველყო. ჩვენ აგრეთვე მონაწილეობა მივიღეთ ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და დიდი ყურადღებით ვაკვირდებით საარჩევნო კამპანიასაც.

ეს არის ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება ქართული დემოკრატიის მიმართ და ჩვენი მზადყოფნა, რომ უფრო მეტად გავამყაროთ ნდობა ამ არჩევნების მიმართ, დამატებითი საერთაშორისო „თვალისა და ყურის“ მეშვეობით.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ მოიპოვებს რომელიმე მხარე ამ გამარჯვებას. მნიშვნელოვანია, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და ამაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ  უნდა აიღოს.

დაბოლოს, ნება მიბოძეთ მოვუწოდო ამომრჩეველს, რომ ამ არჩევნებზე ყველას უსაფრთხოდ და საიმედოდ გააგონოს თავისი ხმა. იმედი გვაქვს, შაბათს შეგხვდებით!", - აღნიშნულია ელჩის განცხადებაში. 

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 



close დახურვა