logo
ENG



ბაქრაძე: მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი - შეთავაზება ახალ არჩევნებზე

14 ნოე 202014:46
3 წუთის საკითხავი
clock 641

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შედეგებზე საუბარი ნაადრევია. რაც შეეხება ცესკოს გუშინდელ გადაწყვეტილებას, მისივე თქმით, ამ გზით ოპოზიციას წაართვეს გასაჩივრების უფლება, ამიტომ ახლა ერთადერთი ალეტრნატივა ხელახალი არჩევნებია.

"ჯერჯერობით კონკრეტულ შედეგზე საუბარი ნაადრევია, იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს მხარეთა პოზიციებს შორის დიდი განსხვავებაა. სამწუხარო ფაქტი გახლავთ ცესკოს გუშინდელი სხდომა და ის სრულიად უკანონო, სამარცხვინო გადაწყვეტილება, რაც მიიღეს და რითაც ოპოზიციას წაართვეს სასამართლოში გასაჩივრების უფლება; რომლითაც დახურეს კარი ოლქებისა და უბნების შედეგების გადათვლის, გადამოწმებისთვის; რომლითაც დააჩქარეს გადაწყვეტილების მიღება. ცესკოს ეს გადაწყვეტილება იყო ფაქტორი, რომელმაც ძალიან დაავიწროვა მოლაპარაკების თემა, ამიტომ მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი - ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ",-თქვა დავით ბაქრაძემ. 

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 13 ნოემბერს შემაჯამებელი სხდომის ჩატარებამ და ოპოზიციის და NGO-ების ყველა საჩივრის დაუკმაყოფილებლობამ დიალოგის ისედაც რთული პროცესი კიდევ უფრო გაართულა. 

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების II რაუნდი გაიმართა. ოპოზიციისთვის მიუღებელია აღმოჩნდა არჩილ თალაკვაძის მიერ შეთავაზებული კონკრეტული ინიციატივა, რომლის დეტალების უცნობია.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკების პირველი რაუნდი 12 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრაში  ოპოზიციური პარტიების და ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩის შუამავლობით. 

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. 

ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

ამ მოთხოვნით უკვე 2 საპროტესტო აქციაც გაიმართა. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. მორიგი საპროტესტო აქცია დღეს 14 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან იგეგმება. 


close დახურვა