logo
ENG



კობიაშვილი 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხს 18 ნოემბერს ეხმაურება

18 ნოე 202013:16
3 წუთის საკითხავი
clock 1768
2020/11/18/d3k7orwsq9um1pn.jpg

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი Facebook-ზე 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მარცხს დღეს, 18 ნოემბერს ეხმაურება და აცხადებს, რომ ფეხბურთის ფედერაცია სამომავლო გეგმებზე უახლოეს მომავალში ისაუბრებს.

კობიაშვილის თქმით, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი და ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი სომხეთთან.

"ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. მაგრამ მე საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი დღეების შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება და მიუხედავად ყველაფრისა შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა - გასვლა გამარჯვებისთვის. მომდევნო თამაშისთვის მომზადება და სწორედ ამ განწყობის მიტანა ჩვენს ბიჭებამდე იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი", - წერს კობიაშვილი.

კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა ნაკრების უკვე ყოფილ მწვრთნელს, ვლადიმერ ვაისს და განაცხადა, რომ არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ ვაისის ხელმძღვანელობით, ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში შეძლო ასპარეზობა.

"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს, მადლობა გადავუხადო ნაკრების თითოეულ ერთგულ გულშემატკივარს - მეთორმეტე მოთამაშეს. ასეთ ურთულეს წუთებში, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ყველა გამამხნევებელ სიტყვას და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. კრიტიკულ ვითარებაში ეს არის სწორედ ის ძალა, რაც გეხმარება ფეხზე წამოდგე, მიუხედავად მარცხისა დაიწყო თავიდან და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააკეთო შენი საქმე", - წერს კობიაშვილი.

საქართველო ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა და ევროპის ჩემიონატის მიღმა დარჩა. 15 ნოემბერს ერთა ლიგის ეგიდით საქართველო უკვე სომხეთის ნაკრებთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაკარგა, რასაც ნაკრებიდან მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ ვაისის წასვლა მოჰყვა.

ამ დრომდე ლევან კობიაშვილს ნაკრების წარუმატებლობაზე კომენტარი არ ჰქონდა გაკეთებული. თუმცა, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიას ბრალდებას უპასუხა, სადაც ენმ-ის ლიდერი ოპონენტს ოფისის გადაწვაში ადანაშაულებდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრებისა და სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრების მარცხი დიდწილად სტადიონზე გულშემატკივრის არდაშვებამ განაპირობა. 

ცნობისთვის, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდა. მიუხედავად უეფა-ს რეკომენდაციისა, საქართველოს მთავრობამ გულშემატკივარი მოედანზე არ დაუშვა. თუმცა, სტადიონზე თამაშს ლოჟიდან ადევნებდა თვალყურს პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე. 


close დახურვა