logo
ENG



მდინარაძე: ოპოზიცია პროვოკაციებს ცდილობს, მაგრამ არჩევნები თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს 

21 ნოე 202017:26
3 წუთის საკითხავი
clock 797
მდინარაძე: ოპოზიცია პროვოკაციებს ცდილობს, მაგრამ არჩევნები თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს 

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ისნის ერთ-ერთ უბანში პროვოკაცია აქვთ დაგეგმილი აქვთ.

ამასთან, მდინარაძე ვერ აკონკრეტებს, თუ რა ფორმის პროვოკაციაზეა საუბარი. 

"რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ისნის ერთ-ერთ უბანზე აპირებენ პროვოკაციის მოწყობას, ნამდვილად არ ვიცი, თორემ პროვოკაციის ფორმასაც გეტყოდით. ამ უბანზე აქვთ კონცენტრაცია და ცდილობენ, იქ რაღაც არეულობის ფონი შექმნან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი გუნდის ლიდერი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მეორე ტურის მიმდინარეობსაც აფასებს და ამბობს, რომ არჩევნები თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. 

"ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი მათი ლიდერების მითითებით აპირებს, ბიულეტენებზე დაფიქსირდეს მინაწერები, თითქოს ისინი არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულათ არჩევნებში მონაწილეობა, შემდეგ კი ეს პროვოკაცია არჩევნების დისკრედიტაციის და ნეგატიური პიარისთვის გამოიყენოს.

მიუხედავად პროვოკაციის მცდელობებისა, არჩევნები ძალიან მშვიდ, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს და დარწმუნებულები ვართ, დღევანდელი დღე ბოლომდე ასეც ჩაივლის", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში ტარდება. 

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ამომრჩეველს მხოლოდ მმართველი პარტია - ქართული ოცნება სთხოვს. 

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და II ტურს ბოიკოტს უცხადებენ. 

ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზეც. 

კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან. თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. 

ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათზე 16.47% იყო. 


close დახურვა