logo
ENG



გლდანში რეგისტრირებული 145 978 ამომრჩეველიდან ამ ეტაპზე ხმა მხოლოდ 24 165 ადამიანმა მისცა

21 ნოე 202019:07
3 წუთის საკითხავი
clock 2997
გლდანში რეგისტრირებული 145 978 ამომრჩეველიდან ამ ეტაპზე ხმა მხოლოდ 24 165 ადამიანმა მისცა

გლდანის მე-10 საარჩევნო საოლქო კომისიის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ამომრჩეველთა მხოლოდ 16.55% მიიღო. აღნიშნულ ოლქში რეგისტრირებულია 145 978 ამომრჩეველი. არჩევანი კი ბოლო მონაცემებით 24 165 მოქალაქემ დააფიქსირა. 

მთელი დღის განმავლობაში ოლქში მხოლოდ 1 საჩივარი დაიწერა. საჩივრით საოლქო კომისიას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა. 

ამასთან, ყველა უბანში ფიქსირდება კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც ამომრჩეველთა მონაცემებს იწერენ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებს. 

აღსანიშნავია, რომ გლდანის ოლქში, პირველი ტურის დროს არჩევნები დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა - დაიწერა არაერთი საჩივარი და ადგილი ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა. 

მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში ტარდება. 

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ამომრჩეველს მხოლოდ მმართველი პარტია - ქართული ოცნება სთხოვს. 

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და II ტურს ბოიკოტს უცხადებენ. 

ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზეც. 

კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან. თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. 

ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათზე 20.74% იყო.


close დახურვა