logo

კანდელაკი: კომუნისტურ პარტიაშიც გაუკვირდებოდათ ერთპარტიულ არჩევნებში კარუსელების ტრიალი

22 ნოე 202013:28
3 წუთის საკითხავი
clock 11 clock 503

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ქართულ ოცნებას საბჭოთა კომუნისტური პარტიის პოლიტიკურ მემკვიდრეს უწოდებს და აცხადებს, რომ ერთპარტიულ არჩევნებში "კარუსელების ტრიალი" კომუნისტებსაც გაუკვირდებოდათ.

როგორც კანდელაკმა აღნიშნა, გუშინ ჩატარებულმა საპარალამენტო არჩევნების მეორე ტურმა აჩვენა, რეალურად რამდენი მხარდამჭერი ჰყავს მმართველ გუნდს.

"საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური მემკვიდრე არის ქართული ოცნება. მაგრამ ალბათ, კომუნისტურ პარტიაში მათ წინამორბედებსაც გაუკვირდებოდათ ერთპარტიულ არჩევნებში კარუსელების ტრიალი. ალბათ ბრეჟნევი, ხრუშჩოვი და ბერია საფლავში ბრუნავენ თავიანთი პოლიტიკური შთამომავლების სირცხვილით. გუშინ ვიხილეთ ცირკი. ამ ყველაფერთან ერთად, გუშინდელმა მეორე ტურმა აჩვენა, სინამდვილეში რამდენია ქართული ოცნების მხარდაჭერა ჩვენს საზოგადოებაში", - განაცხადა კანდელაკმა.

გუშინ, 21 ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მასში მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რადგან ოპოზიციამ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები იყვნენ, თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

ცესკო-ს მონაცემებით, მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 26% შეადგინა და 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ გვიან ღამით, ცესკო-ს საიტზე ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების შედეგები იყო გამოქვეყნებული და ისინი 100%-ს აღემატებოდა. საარჩევნო რუკაზე ჩანდა, რომ მაგალითად ანზორ ბოლქვაძეს ხმების 110% ჰქონდა მიღებული. შალვა კერესელიძეს - 101%; სოზარ სუბარს - 164%; ირაკლი ჩიქოვანს 118% და ა.შ. მოგვიანებით, ცესკომ განცხადება გაავრცელა და რუკაზე დატანილი ციფრები ტექნიკურ ხარვეზად მოიხსენია. იყო რამდენიმე დაუბალასებელი ოქმიც. 

ოპოზიციური პარტიები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.



close დახურვა