logo
ENG



ცესკოს სპიკერის თქმით, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ უზუსტობებში კომიკური არაფერია

22 ნოე 202013:33
3 წუთის საკითხავი
clock 1377
2020/11/22/711lgwqrtussbef.jpeg

ცესკო-ს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელის, ნათია იოსელიანის თქმით, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ უზუსტობებში კომიკური არაფერია.

მისივე განმარტებით, ასეთი სულ ორი შემაჯამებელი ოქმია და ორივე მათგანი კანონის შესაბამისადაა შესწორებული. 

რამდენიმე დაუბალანსებელი ოქმი 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზეც გამოვლინდა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს მხოლოდ ერთი პარტია, ქართული ოცნება აღიარებდა ლეგიტიმურად, ოპოზიცია კი ბოიკოტის რეჟიმში იყო და მხარდამჭერებსაც არჩევნებზე არწასვლისკენ მოუწოდებდა. 

იოსელიანმა თქვა: 

"ეს გახლავთ საარჩევნო ოლქი #3, საარჩევნო უბნის ნომერი: 03.03.75, შემაჯამებელ ოქმს თან ახლავს შესწორების ოქმი, სადაც დაკორექტირებულია ციფრი. ორივე კანდიდატს აქვს 266 ხმა, მათ შორის ბათილი ბიულეტინები 11-ია და ამათი ჯამი, ბუნებრივია, ვერანაირად იქნება 75. თუმცა, თუ გადავხედავთ შესწორების ოქმს, ერთ-ერთ კანდიდატს ნაცვლად 266 ხმისა, უნდა ჰქონდეს 38 ხმა. დადგენილი ნორმაა, რომ თუ შემაჯამებელ ოქმში მოხდება შეცდომა, ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ადგენენ შესწორების ოქმს და ეს კანონის ნორმის დაცვითაა.

რაც შეეხება #21 საარჩევნო უბნის 21.51.53 მეორე შემაჯამებელ ოქმს, ამ შემთხვევაშიც ამ შემაჯამებელ ოქმს ახლავს შესწორების ოქმი და ამ შესწორების ოქმში 2 მონაცემია დაზუსტებული. პირველი, ეს გახლავთ ბათილი ბიულეტინების რაოდენობა, რომელიც გამორჩენილია შემაჯამებელ ოქმში და ეს რაოდენობა გახლავთ 12. ეს ცვლილება შესწორების ოქმში შესულია",-ამბობს ნათია იოსელიანი. 

მისი თქმით, კიდევ ერთ კანდიდატს აქვს 261 ხმა, თუმცა შემაჯამებელ ოქმში არის დაკორექტირებული ციფრი - კერძოდ ციფრი ორიანია გადაკეთებული. თუმცა ესეც სწორადაა შესწორებული.

"ამ შემთხვევაში, კანონის მოთხოვნის დაცვით, შედგენილია შესწორების ოქმი და ორივე მონაცემი, როგორც გამორჩენილი ბათილი ბიულეტინების რაოდენობა 12, ისე ერთ-ერთი კანდიდატის მიერ მიღებული ხმების ჯამი 262, რომელიც გადაკეთებულია შემაჯამებელ ოქმში არის დაკორექტირებული. შესწორების ოქმში წერია, რომ ნაცვლად 262-სა, სადაც რიცხვი 2 არის გადაკეთებული, უნდა ეწეროს 262. ამიტომ ამაში კომიკური არაფერი არის. ეს არის კანონის მოთხოვნა, შესაბამისად, ორივე მაჟორიტარული ოლქის შემაჯამებელი ოლქის შემთხვევაში აბსოლუტურად სწორად არის შედგენილი",-თქვა ნათია იოსელიანმა. 

გუშინ, 21 ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მასში მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რადგან ოპოზიციამ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები იყვნენ, თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

ცესკო-ს მონაცემებით, მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 26% შეადგინა და 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ გვიან ღამით, ცესკო-ს საიტზე ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების შედეგები იყო გამოქვეყნებული და ისინი 100%-ს აღემატებოდა. საარჩევნო რუკაზე ჩანდა, რომ მაგალითად ანზორ ბოლქვაძეს ხმების 110% ჰქონდა მიღებული. შალვა კერესელიძეს - 101%; სოზარ სუბარს - 164%; ირაკლი ჩიქოვანს 118% და ა.შ. მოგვიანებით, ცესკომ განცხადება გაავრცელა და რუკაზე დატანილი ციფრები ტექნიკურ ხარვეზად მოიხსენია

ოპოზიციური პარტიები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.


close დახურვა