logo
ENG



ბოკუჩავა: მზად ვართ, გონივრულ შეთავაზებას გონივრულადვე დავხვდეთ

22 ნოე 202013:41
3 წუთის საკითხავი
clock 1772

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ოპოზიცია მმართველი გუნდისგან გონივრულ შეთავაზებას ელოდება.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად მნიშვნელოვანია, კომპრომისი გამოინახოს.

"ოპოზიციის წარმომადგენლები მზად ვართ, რომ გონივრულ შეთავაზებას გონივრულადვე დავხვდეთ იმისთვის, რომ გამოინახოს კომპრომისი ქვეყნის ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად, იმ ფონზე, როდესაც არის ასევე ეკონომიკური კრიზისი, რეგიონალური კრიზისი, ეპიდემიოლოგიური კრიზისი. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანა გამოვიდეს ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილის მიერ 31 ოქტომბრის არჩევნების მოპარვამ შეიყვანა ქვეყანა", - განაცხადა ბოკუჩავამ.

გუშინ, 21 ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მასში მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რადგან ოპოზიციამ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები იყვნენ, თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

ცესკო-ს მონაცემებით, მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 26% შეადგინა და 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ გვიან ღამით, ცესკო-ს საიტზე ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების შედეგები იყო გამოქვეყნებული და ისინი 100%-ს აღემატებოდა. საარჩევნო რუკაზე ჩანდა, რომ მაგალითად ანზორ ბოლქვაძეს ხმების 110% ჰქონდა მიღებული. შალვა კერესელიძეს - 101%; სოზარ სუბარს - 164%; ირაკლი ჩიქოვანს 118% და ა.შ. მოგვიანებით, ცესკომ განცხადება გაავრცელა და რუკაზე დატანილი ციფრები ტექნიკურ ხარვეზად მოიხსენია. იყო რამდენიმე დაუბალასებელი ოქმიც. 

ოპოზიციური პარტიები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.


close დახურვა