logo

ნამახვანი ჰესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით სოფელ ნამახვანში აქცია იმართება

22 ნოე 202014:18
3 წუთის საკითხავი
clock 12 clock 104

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამახვანის მოსახლეობა ნამახვან ჰესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მშენებელი კომპანია ენკას შენობასთან იკრიბებიან.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია ისინი ნამახვან ჰესის მშენებლობის შეწყვეტასა და ტერიტორიიდან ტექნიკის გაყვანას მოითხოვენ, როგორც ისინი ამბობენ პოლიცია დემონსტრანტების ნაწილს ტერიტორიაზე მისვლის საშუალებას არ აძლევს.

"ჩვენი მოთხოვნები არ შეცვლილა. ჩვენი მთავარი მიზანია შეწყდეს პრაქტიკული საქმიანობა ამ ხეობაში და გაიყვანონ ტექნიკა. ახლახან შემატყობინეს, რომ ჩვენთან აქციაზე მომავალი ჯგუფი სოფელ ღვინიშიდან არ გამოატარა პოლიციამ, რომელიც გაურკვეველი საბაბით აჩერებს ამ მოძრაობას.

ასე თუ ყველა მხრიდან შეგვაფერხეს გაგვიჭირდება ადამიანების მობილიზება. ვხედავთ, რომ ჩვენს მოქმედებას, ამ მხრივ, გამოუღია შედეგი, აქტივობაც მაღალია და შესაბამისად პოლიციის წინააღმდეგობაც, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზამთ რა შეგვიძლია",-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც, მათ შორის არის ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში დიდი ჰესების ადგილი არ არის.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, აქცია აპოლიტიკურია და ისინი პოლიტიკოსებს ტრიბუნის გამოყენების საშუალებას არ მისცემენ.

"პოლიტკური ჯგუფები ჩვენი ტრიბუნიდან არ გამოდიან, ოდიოზური სახეები არც დაიშვებიან აქციაზე. აქცია არის აპოლიტიკური ხაზგასმით მინდა ავღნიშნო. თუ ვინმე მოვა, რა თქმა უნდა, ამ ტერიტორიაზე გავლა-გამოვლას ვერავის ვერ დავუშლით, მაგრამ ის რომ ვიღაცამ თავისი პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით გამოიყენოს ეს ჩვენი ბრძოლა არის მიუღებელი",-ამბობს აქციის მონაწილე. 



close დახურვა