logo
ENG



ხვიჩია: ამ პარლამენტს ჰქონდა შანსი საუკეთესო ყოფილიყო, მაგრამ ოცნებამ ყველაფერი გააფუჭა

22 ნოე 202017:25
3 წუთის საკითხავი
clock 1273

გირჩის წევრი იაგო ხვიჩია ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების მეორე ტურს ნეგატიურად აფასებს და ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა, რომ არჩევნები "გაეფუჭებინა".

ხვიჩიას თქმით, მე-10 მოწვევის საკანონმდებლო ორგანო საუკეთესო იქნებოდა მრავალპარტიული პარლამენტის შემთხვევაში. 

"მე-10 მოწვევის პარლამენტს ზოგადად ჰქონდა შანსი, რომ ყოფილიყო საუკეთესო ამ ქვეყნის პარლამენტებს შორის. თუნდაც საკუთარი მრავალპარტიულობით და ეს იყო ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი ამ არჩევნების. უბრალოდ ყველაფერი გააკეთა საქართველოს მთავრობამ, რომ გაეფუჭებინა ეს არჩევნები. ერთპარტიულ პარლამენტს რაც შეეხება, როგორ უნდა აღგიწეროთ არ ვიცი, მაგრამ ან პოლიტიკურად, ან მმართველობითი კუთხით ზოგადად - ეგ არის ჩვეულებრივი ჯოჯოხეთი", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

გუშინ, 21 ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მასში მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რადგან ოპოზიციამ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები იყვნენ, თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

ცესკო-ს მონაცემებით, მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 26% შეადგინა და 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ გვიან ღამით, ცესკო-ს საიტზე ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების შედეგები იყო გამოქვეყნებული და ისინი 100%-ს აღემატებოდა. საარჩევნო რუკაზე ჩანდა, რომ მაგალითად ანზორ ბოლქვაძეს ხმების 110% ჰქონდა მიღებული. შალვა კერესელიძეს - 101%; სოზარ სუბარს - 164%; ირაკლი ჩიქოვანს 118% და ა.შ. მოგვიანებით, ცესკომ განცხადება გაავრცელა და რუკაზე დატანილი ციფრები ტექნიკურ ხარვეზად მოიხსენია. იყო რამდენიმე დაუბალასებელი ოქმიც. 

ოპოზიციური პარტიები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.


close დახურვა