logo
ENG



რა შეზღუდვების დაწესებას განიხილავს მთავრობა

24 ნოე 202013:05
3 წუთის საკითხავი
clock 1267

მაია ცქიტიშვილის თქმით, მთავრობა დამატებით შეზღუდვებზე მსჯელობს, მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით არაფერი იცვლება. 

ვიცეპრემიერმა თქვა:

"ერთი მხრივ, შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, მეორე მხრივ, ეს შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო ან არასამუშაო დღეების განმავლობაში სავაჭრო ობიექტების მუშაობის შეჩერება ან მათი საათების რეგულირება. ამ ზომების კომბინაციაც არის შესაძლებელი". 

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ შეზღუდვები შეეხოს შაბათ-კვირას, ვიცე-პრემიერმა ასე უპასუხა:

„შესაძლებელია, ეს იყოს შაბათ-კვირა, შესაძლებელია ეს იყოს კვირის კიდევ რომელიმე დღე ან შესაძლებელია ეს იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცოტა უფრო ხანგრძლივი შეზღუდვა. მაგრამ ისევ და ისევ, ჩვენ ვრჩებით წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ შეზღუდვები იქნება იქ, სადაც ეს არის მეტად საჭირო", - თქვა მან. 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ საკოორდინაციო საბჭოს 3 პაკეტი წარადგინა: მსუბუქი, საშუალო და მძიმე პაკეტი. 

თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს პაკეტები. 

"სადაც ყველაზე მეტია ინფექციის გავრცელება და ყველაზე ნაკლებად არის შესაძლებელი კონტროლი, თუ რამდენად არის დაცული დისტანცია, ნიღბის ტარება და ა.შ. ამას ვანიჭებთ უპირატესობას", - თქვა მან. 

რაც შეეხება სილამაზის სალონებს, ტიკარაძე ამბობს, რომ ამაზე კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა, თუმცა უახლოეს დღეებში გადაწყვეტილება ამ საკითხზეც იქნება მიღებული. 

"სალონებთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შემ,დეგ დღეებში ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, ვაწოდებთ ჩვენს დასკვნებს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე, საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას". - თქვა მან. 

ხელისუფლების წარმომადგენლები იმეორებენ, რომ არ იგეგმება სრული ლოკდაუნი, თუმცა, ბიზნესის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, დამატებითი შეზღუდვების დაწესება მათთვის ლოკდაუნის ტოლფასი იქნება. 


close დახურვა