logo
ENG



ტიკარაძე შეზღუდვებზე: საკოორდინაციო საბჭოს წარვუდგინეთ მსუბუქი, საშუალო და მძიმე პაკეტები

24 ნოე 202013:34
3 წუთის საკითხავი
clock 468

ჯანდაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის, თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების შესახებ 3 პაკეტი წარადგინა: მსუბუქი, საშუალო და მძიმე პაკეტი. 

თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს პაკეტები. 

"სადაც ყველაზე მეტია ინფექციის გავრცელება და ყველაზე ნაკლებად არის შესაძლებელი კონტროლი, თუ რამდენად არის დაცული დისტანცია, ნიღბის ტარება და ა,შ, ამას ვანიჭებთ უპირატესობას", - თქვა მან. 

რაც შეეხება სილამაზის სალონებს, ტიკარაძე ამბობს, რომ ამაზე კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა, თუმცა, უახლოეს დღეებში გადაწყვეტილება ამ საკითხზეც იქნება მიღებული. 

"სალონებთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ დღეებში ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, ვაწოდებთ ჩვენს დასკვნებს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე, საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას", - თქვა მან. 

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, როდიდან იგეგმება შეზღუდვების ამოქმედება. მათ დეტალებზეც არ ულაპარაკიათ, მხოლოდ თქვეს, რომ განიხილება ზოგიერთ ქალაქში ტრანსპორტის შეზღუდვა, სამუშაო ან არასამუშაო დღეებში ზოგიერთი დაწესებულების მუშაობის შეზღუდვა ან სამუშაო საათების შემცირება, ასევე გადაადგილების საათების შემცირება. ამ ეტაპზე კომენდანტის საათი 22:00-დან დილის 05:00-მდე მოქმედებს. 


close დახურვა