logo
ENG



კალაძე: მემგონი, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აცნობიერებს, რომ აუცილებელია შეთანხმება

24 ნოე 202020:04
3 წუთის საკითხავი
clock 1069
კალაძე: მემგონი, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აცნობიერებს, რომ აუცილებელია შეთანხმება

თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ აუცილებელია, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოლაპარაკებებში შეთანხმებას მიაღწიონ.

"მემგონი ყველა აცნობიერებს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ აუცილებელია მოხდეს შეთანხმება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ნაწილი ოპონენტებისა ფიქრობს ასე იმიტომ, რომ ყველას, მემგონი, კარგად გვესმის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფოებრიობა", - ამბობს კალაძე. 

თბილისის მერი არ აკონკრეტებს რა კომპრომისული შეთავაზებები ექნება ხელისუფლებას ელჩების ფასილიტატორობით გამართულ შეხვედრაზე. 

"რაც შეეხება კონკრეტიკას, თუ რაზე იქნება საუბარი, ეს ყველაფერი გაირკვევა შეხვედრის შემდეგ. ჩვენ ვისმენთ გარკვეულ განცხადებებს, თუმცა შეთანხმების და მოლაპარაკების საგანი ხელისუფლებასთან არ ყოფილა, ვისმენ მხოლოდ განცხადებებს. მას შემდეგ გაირკვევა კონკრეტიკა, როდესაც ეს შეხვედრა შედგება", - ამბობს კალაძე. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში უკვე გაიმართა. 

მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვამდე ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებმა კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები ინდივიდუალურად გამართეს. 

შეხვედრების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებე, რომ მათი ერთადერთი, მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იქნება. 

ოპოზიციური პარტიები კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ისინი აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რის გამოც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. 

მათ უარი განაცხადეს არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზეც, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართა. 

 


close დახურვა