logo
ENG



კალაძე: ოპოზიცია ხალხს მოუწოდებდა, რომ შეკრებებზე წესების დაცვის გარეშე მისულიყვნენ 

24 ნოე 202020:31
3 წუთის საკითხავი
clock 948
2020/11/24/1cy2wl8lty3i4dl.jpg

დედაქალაქის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში  კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი ოპოზიციის მხრიდან გამართული აქციებია.

როგორც კალაძე ამბობს, ზოგიერთი ოპოზიციის წარმომადგენელი ადამიანებს მოუწოდებდა, რომ შეკრებებზე ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე მისულიყვნენ.

"რა თქმა უნდა ყველაფერმა იქონია [ვირუსის გავრცელებაზე] გავლენა, ის რომ ზაფხულის თვეებში ყველაფერი გახსნილი იყო, ის რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო ოპოზიციის წარმომადგენელი მოუწოდებდნენ ადამიანებს, რომ მისულიყვნენ შეკრებებზე ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე, პირბადეების გარეშე. რა თქმა უნდა ამ ყველაფერმა იქონია გავლენა",-განაცხადა კახი კალაძემ. 

ოპოზიციურ შეკრებებს ეპიდსიტუაციის დამძიმება ქართული ოცნების სხვა ლიდერებმაც დააბრალეს. ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერები აქციაზე შეკრებილ ადამიანებს მიზანმიმართულად მოუწოდებდნენ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული წესების, მათ შორის, პირბადის ტარების წესის დარღვევისკენ. 

"როცა ვხედავთ ასეთ აქციებს, ასეთ აქტივობებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც არავითარი წესების დაცვა არ ხდება, პირიქით, მოწოდებაც კი ხდება, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ შეიძლება არ აისახოს ამ რიცხვებში და სწორედ ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რომელიც გვაქვს", - თქვა ცქიტიშვილმა. 

ხელისუფლების ბრალდებების საპასუხოდ, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების ლიდერები ჩიხური სიტუაციის გადაბრალებას იმიტომ ცდილობენ, რომ მძიმე ჯანდაცვის კრიზისიდან გამოსავალს ვერ პოულობენ. 

"არავითარი გამოსავალი ამ ჩიხიდან ხელისუფლებას არ შემოუთავაზებია და ისევ ოპოზიციას გადააბრალა ეს ძალიან მძიმე ვითარება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ, რომელმაც ცქიტიშვილის განცხადებას ამორალური უწოდა. 

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ ყველა კრიზისის და ჩავარდნის ოპოზიციაზე გადაბრალება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკური ხელწერაა. 

"რა შუაში იყო აქციები მეორე ტალღისთვის მომზადებასთან? მაგრამ ეს არის ხელწერა და მე ვიტყოდი, პოლიტიკური დაღი ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის და მისი პოლიტიკური არარაობების და კლოუნების გარემოცვის", - ამბობს ბოკერია. 

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 39 ადამიანი. ჩატარდა 5477 PCR ტესტი. 


close დახურვა