logo
ENG



ტიკარაძე ჯანდაცვის რესურსის მაქსიმალურ ზღვარს არ ასახელებს, რადგან ეს ხალხს "გაათამამებს"

24 ნოე 202023:05
3 წუთის საკითხავი
clock 1875
2020/11/24/an6v9dv7dvd445b.jpg

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ აზუსტებს, თუ რა არის სამედიცინო პერსონალისა და საწოლფონდის რესურსის მაქსიმალური ზღვარი, რომელიც ქვეყანას აქვს, რადგან, მისი თქმით, ეს მოსახლეობას გაათამამებს. 

ტიკარაძე ამბობს, რომ სამედიცინო რესურსი არა მხოლოდ საწოლფონდით, არამედ სამედიცინო პერსონალის მოცულობითაც იზომება. 

"გაზაფხულთან შედარებით, როდესაც გვყავდა 1 000-მდე სამედიცინო პერსონალი მხოლოდ მობილიზებული, დღეს მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში გვყავს 8 000-ზე მეტი ექიმი მობილიზებული და სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სექტორში 4 000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი არის ჩართული. მხოლოდ საწოლფონდი არ განსაზღვრავს ჩვენს რესურს, რესურსს განსაზღვრავს ასევე ადამიანური რესურსი, რომლის მობილიზაციასაც აქვს გარკვეული ზღვარი", - ამბობს ტიკარაძე. 

რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა არის სამედიცინო რესურსის მაქსიმალური ზღვარი, ტიკარაძე ამბობს, რომ ამის დაზუსტებას არ აპირებს, რადგან ეს მოსახლეობას წესრიგის მეტად დარღვევისთვის გაათამამებს. 

"იცით, ეს მაქსიმალური ზღვრის დასახელება მე მიჩენს განცდას, რომ მეტად უფრო ათამამებს ჩვენს მოსახლეობას, ვინაიდან, თუ ჩვენ ვხედავთ, რომ საწოლფონდი არსებობს, მაშინ ჩვენ ნაკლებად ვიცავთ წესრიგს. აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის ვერიდები იმ რიცხვის დაანონსებას, რა რესურსიც ჩვენ გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული რესურსი და ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ ყველა ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად", - ამბობს ტიკარაძე. 

 დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 39 ადამიანი. ჩატარდა 5477 PCR ტესტი, რაც ნიშნავს, რომ ტესტირებულთა 57% კოვიდდადებითი აღმოჩნდა. 


close დახურვა