logo
ENG



პროკურატურა: პირს, რომელიც შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა, პატიმრობა შეეფარდა

30 ნოე 202017:00
3 წუთის საკითხავი
clock 865
2020/11/30/um7gnngebeea7vr.jpg

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა პირს, რომელიც 2 არასრულწლოვან შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნასა და წვრილმანი ნივთების გაყიდვას აიძულებდა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ვ.ე.-მ სარგებლის მიღების მიზნით, შეიმუშავა არასრულწლოვნებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა.

"ექსპლუატაციის მიზნით, 2019 წლიდან აიძულა მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილები ლ.ე. და ლ.ე., რომლებსაც ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმით, კერძოდ მოწყალების მიღების თხოვნით, 2020 წლის  ნოემბრამდე უწევდა შრომით ექსპლუატაციას. არასრულწლოვნების მიერ მოწყალების თხოვნის შედეგად და წვრილმანი ნივთების გაყიდვით შეგროვებულ თანხებს ვ.ე. ისაკუთრებდა.

ვ.ე. არასრულწლოვანი შვილებს ლ.ე.-ს და ლ.ე.-ს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობითა და მუქარით, აიძულებდა თბილისის სხვადასხვა უბნებსა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში, მოეთხოვათ და შეეგროვებინათ მოწყალება. ვ.ე.-მ თავის არასრულწლოვან შვილებს სავალდებულოდ დაუწესა მისთვის 20 ლარის ყოველდღე მიტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში  მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, არასრულწლოვნების მიერ მიტანილ თანხას კი ვ.ე. თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ვ.ე.-ს თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.


close დახურვა