logo
ENG



Reformerfitness-ის საქმეზე გამოძიება არაკონსტიტუციური მუხლით დაიწყო - საქმეში საია ჩაერთო

30 ნოე 202016:51
3 წუთის საკითხავი
clock 691
2020/11/30/uiccs3h64xkk1go.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში მდებარე ფიტნესკლუბის Reformerfitness-ის საქმეში ჩაერთო, - ამის შესახებ საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

Reformerfitness-ის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე მუხლით მიმდინარეობს, რაზეც საია აცხადებს, რომ აღნიშნული მუხლი არაკონსტიტუციურია.

საიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს საზოგადოებრივი "ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონით" გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს ქმედება იმ პირის მიერაა ჩადენილი, რომელიც ამავე წესების დარღვევისთვის ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 421-ე მუხლის საფუძველზე და სახდელდადებულია.

"იმისთვის, რომ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლის საფუძველზე დაეკისროს პასუხისმგებლობა, მან ორჯერ უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესი, ეს სამართლებრივი შემთხვევა კი პრობლემურია, რადგან როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით დაწესებული ნორმების დარღვევა", - ამბობენ საიაში

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მთავრობის დადგენილების საფუძველზე დაწესებული საკარანტინო ღონისძიებები საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან პარლამენტმა მთავრობაზე დელეგირებული უფლებამოსილება კონსტიტუციის დარღვევით გადასცა. მათი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის ცალსახა მოთხოვნას წარმოადგენს, ის, რომ შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოს პარლამენტის, და არა მთავრობის მიერ.

"შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლისა და სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლების დისპოზიცია ეფუძნება არაკონსტიტუციურად მიღებული ქცევის წესების დარღვევას. ხოლო რადგან არაკონსტიტუციურია "იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილება, ასევე არაკონსტიტუციურია აღნიშნული წესის დარღვევისთვის პირისთვის ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება", - ნათქვამია საიას განცხადებაში. 

ფიტნესკლუბში სამართალდაცველები გუშინ, 29 ნოემბერს დაახლოებით 8 საათისთვის შევიდნენ. მათ შენობიდან ხალხი გაიყვანეს და სპორტული ინვენტარის აღწერა დაიწყეს. ადგილზე მოგვიანებით ზურაბ ჯაფარიძე მივიდა, რომელმაც ობიექტი ბინად იქირავა. ის შენობიდან პოლიციელების გასვლას ითხოვდა. Reformerfitness შეზღუდვებს არ ემორჩილება და დაჯარიმების მიუხედავად, ფუნქციონირებას აგრძელებს. 

 


close დახურვა