logo
ENG



გამყრელიძე: ვფიქრობთ, კორონავირუსზე ვაქცინაცია მარტ-აპრილში დაიწყება და ის უფასო იქნება

03 დეკ 202015:41
3 წუთის საკითხავი
clock 1685
გამყრელიძე: ვფიქრობთ, კორონავირუსზე ვაქცინაცია მარტ-აპრილში დაიწყება და ის უფასო იქნება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსზე ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მარტ-აპრილში დაიწყება.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოს აქვს გაფორმებული ხელშეკრულება Covax-პლატფორმასთან, რომელიც საქართველოს 1 400 000 დოზა ვაქცინას მიაწვდის. 

მისივე განმარტებით, აღნიშნული რაოდენობის ვაქცინა დაახლოებით 700 ათასი ადამიანის ვაქცინაციას ითვალისწინებს.

"გათვალისწინებულია, რომ 2021 წელს მაქსიმალურად უნდა მოხდეს მსოფლიოს მოსახლეობის ვაქცინაცია, რომ დასრულდეს კოვიდპანდემია მსოფლიოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინა იყოს ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის და რაც შეიძლება დროულად მოვახდინოთ მოსახლეობის ვაქცინაცია დაწყება საქართველოში. Covax-თან უკვე აქვს გაფორმებული კონტრაქტი 1 400 000 დოზა ვაქცინის მიღებაზე, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, რომელი წარმოების ვაქცინას მივიღებთ, იქნება ეს ბრიტანული, ამერიკული, იტალიური, გერმანული, თუ სხვა. როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მათი გამოყენების უფლებას მისცემს, საქართველო შეიძენს შესაბამის ვაქცინას", - ამბობს გამყრელიძე. 

გამყრელიძის თქმით, საქართველო ვაქცინის შესაძენად 17 მილიონ დოლარს გამოყოფს და ის მოსახლეობისთვის უფასო იქნება. 

"ვაქცინის მისაღებად პირველი შენატანი უკვე გადარიცხულია და ეს, დაახლოებით, 4 მილიონი დოლარია.შესაბამისად, 1 400 000 დოზისთვის გამოყოფილია 17 მილიონი დოლარი, რომელიც ქვეყანამ უნდა გადაიხადოს ამ ვაქცინის ან ვაქცინების შესაძენად. რა თქმა უნდა ეს მოსახლეობისთვის იქნება უფასო. 1 400 000 დოზა ეს არის დაახლოებით 700 000 ადამიანის აცრა. ვაქცინა კეთდება 3-4 კვირის შუალედით, ორჯერ. შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვაქცინაცია დაიწყება მარტ-აპრილში. პარალელურად საქართველო მუშაობს დიდ მწარმოებლებთან და ასევე რამდენიმე დიდ სახელმწიფოსთან, რომ შესაძლებელი გახდეს, რომ ვაქცინების უფრო ადრე მიღება მოხდეს, ვიდრე Covax-ი მოგვაწვდის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ცნობისთვის, ამერიკაში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება რამდენიმე კვირაში დაიწყება. აღნიშნულმა კომპანიამ ვაქცინის გამოცდა 95%-იანი ეფექტიანობით დაასრულა. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც მოხდება ვაქცინის პირველი გამოყენება და მოსახლეობის აცრა დეკემბერში დაიწყება. კიდევ ერთი კომპანია რომელიც ვაქცინაზე მუშაობდა არის Moderna, რომლის საბოლოო კვლევის შედეგებით, ვაქცინის 94%-იან ეფექტიანობა დადასტურდა. ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა დაამტკიცოს, თუმცა WHO-ს ამ დრომდე არ ერთი ვაქცინა არ დაუმტკიცებია. 


close დახურვა