logo
ENG



ბაქრაძე ოპოზიციის შეხვედრაზე: ოპოზიცია საკუთარ მიდგომებში ერთიანია

03 დეკ 202017:22
3 წუთის საკითხავი
clock 467

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ "ლელო საქართველოსთვის" ოფისში ოპოზიციური პარტიების მიერ გამართული რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიცია ერთიანია და უახლოეს მომავალში საკუთარ მიდგომებს გააჟღერებს. 

"ძალიან ბევრია სამსჯელო. მთავარი, ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიცია არის ერთიანი საკუთარ მიდგომებში და უახლოეს მომავალში მზად ვიქნებით, გავაჟღეროთ ეს მიდგომები, როგორც უცხოელ ფასილიტატორ ელჩებთან, ასევე ქართულ ოცნებასთან", - განაცხადა ბაქრაძემ.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა, მაგრამ შეხვედრები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უცნობია თუ როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.


close დახურვა