logo
ENG



გომელაური ჟურნალისტს: ბანკებში ყაჩაღობა ყოველთვის ხდება, სად გახშირდა?

04 დეკ 202016:33
3 წუთის საკითხავი
clock 896

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაყაჩაღება არ გახშირებულა და ეს ყოველთვის, ყოველ წელს ხდება.

"სად გახშირდა? ერთი შემთხვევა იყო და დავაკავეთ ეს ადამიანი. გახშირდა არის 10-20 რომ მოხდება. ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევა ყოველ წელს ხდებოდა, ყოველ წელს ხდება და ყოველთვის ხდება. ეს ხელყუმბარით შევარდნა რაც მოხდა, ის დავაკავეთ", - განუცხადა ჟურნალისტებს გომელაურმა.

ის კონკრეტულად ბადრი ესებუას საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მას საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადებენ. 

"ძებნილად გამოცხადდა ეს ადამიანი და შესაბამისი ადგილმდებარეობის დადგენისა და დაკავების პროცესი მიდის. ალბათ, გამოვაცხადებთ (საერთაშორისო ძებნილად)", - აღნიშნა გომელაურმა.

21 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა საქართველოს ბანკში მძევლები აიყვანა, მოლაპარაკებების შემდეგ კი 500 000 აშშ დოლარი გაიტაცა და მიიმალა. ის ჯერაც არ არის დაკავებული. გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია და ის ბადრი ესებუაა. ის ამ დრომდე ძებნაშია.

22 ოქტომბერს ქობულეთში საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე ინკასატორი გაძარცვეს. მოქალაქე თავს დაესხა შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯიას" ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული - 55 000-მდე ლარი ძალადობით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით ის დააკავეს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი-ის შენობაში ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს შეიჭრა. მან 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. ზურაბიშვილი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

27 ნოემბერს თბილისში, დიღმის მასივში საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. დააკავეს დაცვის პოლიციის თანამშრომელი. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 27 ნოემბერს, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 10 000-ზე მეტი ლარის ოდენობის თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


close დახურვა