logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედა საქმის დახურვაზე: პროტესტის ყველანაირ ფორმას მივმართავთ

17 დეკ 202014:42
3 წუთის საკითხავი
clock 1439

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი პროკურატურის მიერ მისი შვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ უწყებამ 6 თვის განმავლობაში ვერც ერთ კითხვას ვერ გასცა პასუხი.

ის ფიქრობს, რომ საქმის დახურვა მანამდეც ჰქონდათ განზრახული, თუმცა უწყება არჩევნების დასრულებას ელოდებოდა.

"არც ერთ კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული. 6 თვის მანძილზე ესე იგი მხოლოდ არჩევნების გამო იწელებოდა ეს საქმე, როგორც ვვარაუდობდი. დამთავრდა არჩევნები, მოერგნენ სკამებს და ესეც დამთავრდა. ამათ ავიწყდებათ ღვთის სამსჯავრო, ღმერთის კანონებიც არსებობს ადამიანების კანონმდებლობის გარდა, მკვლელობას არავის შეარჩენს და სისხლიანი ხელებით დიდხანს ვერ იქნებიან მთავრობაში", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

კითხვაზე, რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი, თამაზაშვილმა თქვა, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.

"ჩემი მოთხოვნები იგივე რჩება. მიხეილთან [ადვოკატი] ერთად გადავწყვეტთ. იმდენად მოულოდნელი იყო ჩვენთვის, პანდემიის გამო გვეგონა არ დახურავდნენ, მაგრამ რადგან დახურეს, ესე იგი თავი ქუდში ჰგონიათ. ვნახოთ, მოვილაპარაკებთ და ყველაფერს გავაკეთებთ რაც საჭიროა. პროტესტის ყველანაირ ფორმას მივმართავთ", - თქვა თამაზაშვილმა. 

ცნობისთვის, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. პროკურატურის მტკიცებით, ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.


close დახურვა