logo
ENG



ხოშტარია: საერთო ოპოზიციური ბრძოლისთვის დამოუკიდებლად მეტის მოტანა შემიძლია

28 დეკ 202018:04
3 წუთის საკითხავი
clock 417
ხოშტარია: საერთო ოპოზიციური ბრძოლისთვის დამოუკიდებლად მეტის მოტანა შემიძლია

ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობით საერთო ოპოზიციური მიზნებისთვის მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია.

როგორც მან გადაცემა კომენტარში განაცხადა, მასა და ევროპული საქართველოს წევრებს შორის განსხვავებები გარკვეულ ტაქტიკურ საკითხებზე გამოიკვეთა და პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილება სწორედ ამის გამო მიიღო.

"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ის პოლიტიკური ციკლი, რაც დაიწყო ჩემი პრაქტიკულად პოლიტიკაში მოსვლით ამ პარტიასთან ერთად, ბოლომდე მიმეყვანა, მაგრამ მიმაჩნია, რომ საერთო ოპოზიციური ბრძოლისთვის მეტის მოტანა შემიძლია, თუ დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობას დავიწყებ.

აქ არის გარკვეული განსხვავებები ტაქტიკურ საკითხებზე, არც კონფლიქტი, არც რაიმე ძირეული განსხვავება მე ამ პარტიასთან არ მქონია, მაგრამ არის გარკვეული განსხვავებები პოლიტიკის კეთების თუ პრიორიტეტების კუთხით, რის გამოც გადავწყვიტე, რომ დამოუკიდებლად დავიწყო ცოტა სხვა ფორმის პოლიტიკური საქმიანობა, რაზეც შემდეგ უფრო მეტს ვისაუბრებ", - განაცხადა ხოშტარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ თანამშრომლობას არაერთ პოლიტიკურ პარტიასთან აპირებს, მათ შორის ევროპულ საქართველოსთან, გირჩთან და სტრატეგია აღმაშენებლთან.

"რა თქმა უნდა პარტიები, მით უმეტეს პროპორციულ სისტემაში ერთმანეთის კონკურენციაში უნდა იყვნენ, მაგრამ ახლა არის ეტაპი, როდესაც არა ქიშპობის, არამედ მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დროა. მე ჩემ პოლიტიკურ საქმიანობაში ვაპირებ არაერთ პარტიასთან კონკრეტული ფორმით თანამშრომლობას, იქნება ეს გირჩი, ევროპული საქართველო, ვაშაძე [სტრატეგია აღმაშენებელი] თუ სხვა ჯგუფები", - თქვა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიამ ევროპული საქართველოს დატოვების შესახებ განცხადება დღეს, 28 დეკემბერს გააკეთა. ის ამბობს, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აპირებს. 


close დახურვა