logo
ENG



რობ ფარბმანი: ტრამპი ამას დასაწყისშივე გეგმავდა, წინასწარი გამოკითხვებდით მიხვდა, რომ აგებდა

07 იან 202112:06
3 წუთის საკითხავი
clock 884

Edison Research-ის ვიცე პრეზიდენტი რობ ფარბმანი ფორმულასთან ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატებში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ დონალდ ტრამპი ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის შექმნისთვის ემზადებოდა, რადგან წინასწარი გამოკითხვებით ხვდებოდა, რომ მარცხდებოდა.

ფარბმანის თქმით, ტრამპმა თავის მომხრეები დააჯერა, რომ ფოსტით ხმის მიცემა არავალიდური იქნებოდა, რაც Edison Research-ის წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის პროცესისთვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა.

"ჩვენი მუშაობისთვის ერთ-ერთი ძირითადი ხელისშემშლელი ის იყო, რომ გყვავს პრეზიდენტი, რომელიც აქტიურად ცდილობდა, ხალხისთვის ეჭვი გაეჩინა ხმების დათვლასთან დაკავშირებით. ხალხს აგრძნობინებდა, რომ ფოსტით ხმის მიცემას ვალიდაცია არ ჰქონდა, რომ ეს თაღლითობა იქნებოდა. მან შიში ჩაუნერგა თავის მომხრეებს, რომ ხმის მიცემისას ადგილი თაღლითობას ექნებოდა, რამაც დიდი დაძაბულობა გამოიწვია მთელს ქვეყანაში და ყველაფერი გაცილებით გაართულა. წინასწარი გამოკითხვებით მიხვდა, რომ წააგებდა. ის არ არის ადამიანი, რომელსაც მოსწონს რაიმე სახის წაგების აღიარება. ასე რომ, არჩევნების წინ კარგად მოემზადა, ამას დასაწყისშივე გეგმავდა", - აცხადებს ფარბმანი.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი დაძაბულობისთვის 2016 წლის არჩევნებამდეც ემზადებოდა და მაშინაც აპირებდა არჩევნების გაყალბებაზე საუბარს, რადგან 4 წლის წინაც ელოდა წაგებას - თუმცა, მაშინ ტრამპმა გაიმარჯვა და განაცხადა, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა.

ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების საკითხი კონგრესში მიმდინარე დისკუსიაზე მას შემდეგ გახდა რელევანტური, რაც არჩევნების შედეგების არაღიარების გამო მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და იმ სხდომის ჩაშლა სცადეს, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამოწმებულიყო

დემონსტრანტების კონგრესის შენობაში შეჭრის შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, ხოლო დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავი, არმიამ კი სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია გაგზავნა. 

შენობაში შეჭრის შემდეგ კაპიტოლიუმში ლოკდაუნი გამოცხადდა, სენატორები და კონგრესმენები უსაფრთხოების მიზნით თავიანთ კაბინეტებში იმყოფებოდნენ, ვაშინგტონის მერმა კი ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა შენობაში ხელნაკეთი ბომბი გაანეიტრალეს, რომელიც აფეთქების რეალურ რისკებს შეიცავდა. 

აშშ-ის კონგრესმა ტრამპის მხარდამჭერების მიერ მოწყობილი არეულობიდან რამდენიმე საათში მუშაობა განაახლა. სხდომა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გახსნა. პენსის თქმით, თავისუფლება ყოველთვის იმარჯვებს ძალადობაზე. 

შტურმამდე სენატორებსა და კონგრესმენებს შორის მწვავე დებატები მიმდინარეობდა. რამდენიმე რესპუბლიკელი კანონმდებლის საპირისპირო პოზიციის მიუხედავად, ტრამპის მომხრე რესპუბლიკელები ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და რომ დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატს და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ლეგიტიმურად არ გაუმარჯვია. 

საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან მოყოლებული თავად პრეზიდენტი ტრამპი უკვე მე-10 კვირაა ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ყველა სასამართლო ინსტანციამ, მათ შორის, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში უმეტესად კონსერვატორი მოსამართლეებით დაკომპლექტდა, ტრამპის კამპანიის არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა. 

სხდომის თავმჯდომარემ მაიკ პენსმა ტრამპის მომხრეების პოზიციის საპირისპიროდ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვების რატიფიცირების პროცესს ხელს არ შეუშლიდა. სენატში რესპუბლიკელების თავმჯდომარის მიჩ მაკონალის თქმით კი, ამომრჩეველთა ნების უგულებელყოფა რესპუბლიკას სამუდამოდ დააზიანებს. თუმცა რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილი ტრამპის პოზიციას იზიარებს და აცხადებს, რომ ბაიდენის გამარჯვების დამოწმების პროცესს ხელს შეუშლის. 

თავად პრეზიდენტმა ტრამპმა Twitter-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც მომიტინგეებს სახლში წასვლისკენ მოუწოდა, თუმცა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას და მის მხარდამჭერებს არჩევნები მოპარეს. 

შემდეგ Twitter-ის პოსტში კი ტრამპმა განაცხადა, რომ კაპიტოლიუმის შენობაში მომიტინგეთა შეჭრა სწორედ პატრიოტი ამერიკელებისთვის არჩევნების გაყალბების შედეგია. 

5 იანვარს გამოქვეყნდა სკანდალური ჩანაწერი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტსა და ჯორჯიას შტატის რესპუბლიკელ სახელმწიფო მდივან ბრედ რაფენსპერგერს შორის, რომელიც შტატის საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენელია, რომელშიც ტრამპი რესპუბლიკელი მაღალჩინოსნის იძულებას ცდილობდა, რათა შტატის ადმინისტრაციას ხმები ხელახლა გადაეთვალა

ტრამპი რაფენსპერგერისგან მოითხოვდა, გადათვლისას იმ რაოდენობის ხმები ეპოვნათ, რამდენიც რესპუბლიკელ კანდიდატს შტატში გასამარჯვებლად სჭირდებოდა. სამართლის ექსპერტების მოსაზრებით, სატელეფონო ჩანაწერი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი და რესპუბლიკელების ნაწილი სამი თვეა აშშ-ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება, თეთრი სახლის ადმინისტრაციას კი ტრანზიციის პროცესი უკვე დაწყებული აქვს. 


close დახურვა