logo
ENG



საგანგებო: საქართველოში ტყის და მინდვრის ხანძრის 6 აქტიური კერაა, მათგან 3 - ლოკალიზებულია

09 იან 202111:44
3 წუთის საკითხავი
clock 458

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში ტყის და მინდვრის ხანძრის 6 კერაა, მათგან 2 წუხელ გაჩნდა. 

კერძოდ, სამსახურის ცნობით: 

მთელი ღამის განმავლობაში საქართველოში ხანძრის 2 აქტიური კერა გაჩნდა - ერთი იმერეთში, ერთი - სამეგრელოში, მარტვილში, სოფელ ბალდაშუ, იმ ფერდის სიახლოვეს, სადაც მეხანძრე-მაშველებმა ორი დღის წინ ჩააქრეს ხანძარი.

აღნიშნულ კერაზე ღამე მოხდა რეაგირება და ამ დრომდე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. ბალდას გარდა, ერთი კერაა დობერაზენში და ორი წალენჯიხაში, სოფელ სქურშისქურში ორივე კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძარი ლოკალიზებულია შიდა ქართლში. კასპში, რკონის ხეობაში კერებთან მიყვანილია წყლის მაგისტრალები და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.

ღამის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა იმერეთში, საჩხერეში, სოფელი ვაკისაში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი რკალზე. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა.

დროისთვის მინდვრის და ტყის ხანძრების ქრობაში ჩართულია 500 მეხანძრე-მაშველი. არსებული 6 კერიდან 3 ლოკალიზებულია.

4 იანვრის შემდეგ საქართველოს მასშტაბით, ტყისა და მინდვრის ხანძარის 267 კერა გაჩნდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.


close დახურვა