logo
ENG



ტიკარაძე: ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს ჩინური ვაქცინის შემოტანას

13 იან 202112:16
3 წუთის საკითხავი
clock 1378

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მთავრობა მხოლოდ ამერიკულ-გერმანული "ფაიზერისა" და ბრიტანული "ასტრაზენეკას" ვაქცინების შემოტანას განიხილავს და "კატეგორიულად" არ განიხილავს - ჩინურს. ამის შესახებ მან 13 იანვრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"ვაქცინაციის პროცესი იქნება ეტაპობრივი. რაც შეეხება ვაქცინებს, ცალსახად, ჩვენ ვსაუბრობთ "ფაიზერისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინაზე. ჩინურ ვაქცინას ამ პერიოდისთვის არ გააჩნია საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ და დააზუსტა, რომ "ფაიზერის" ვაქცინის შესყიდვა "კოვაქს" პლატფორმით იგეგმება.

გასულ დღეებში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ "ფაიზერისა" და "მოდერნა"-ს ვაქცინები საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან მათი შენახვის ტემპერატურია -80 და -20 გრადუსია, რაც ქვეყნისთვის მიუწვდომელია და მათი ყველა რაიონში დისტრიბუციის საშუალება არ არის.

ცერცვაძის თქმითვე, საუბარია საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანაზე - ერთი AstraZeneca-ა, მეორე კი ჩინური წარმოების ვაქცინა. მოგვიანებით, მან განმარტა, რომ ჩინური ვაქცინა "ხელწამოსაკრავი" არ არის, თუმცა ამ ვაქცინის შემოტანაზე მას რეკომენდაცია არ გაუცია.


close დახურვა