logo
ENG



უგულავა: ხიდაშელი არის დამწვარი "ფეესბეშნიკი", მისი ხელით გაკეთებული საქმე ამორალურია

13 იან 202114:33
3 წუთის საკითხავი
clock 1414

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ კარტოგრაფების საქმის მთავარი ფიგურანტი, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი რუსული სპეცსამსახურის ინტერესებს ემსახურება.

უგულავა ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ხიდაშელი "ჭეშმარიტი გმირი და ნამდვილი პატრიოტია".

"დავით ხიდაშელი არის ყველასთვის დამწვარი "ფეესბეშნიკი" და მისი ხელით გაკეთებული საქმე არის უზნეო და ამორალური, იმიტომ რომ ივანიშვილის ორი პოლიტპატიმარი დღეს ციხეში იმყოფება მაგის გამო. მეორე - ეს იყო პირდაპირ "ფეესბეს" გეგმა, რომელიც ამათ შეასრულეს", - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, დავით გარეჯთან მიმართებით არანაირი ტერიტორიული ცვლილებები არ მომხდარა.

"არავითარი ტერიტორიული ცვლილებები არც ჩვენს სასიკეთოდ და არც გაუარესების მიზნით არ მომხდარა. ივანიშვილი მხოლოდ თავის ტელევიზიების თუ უყურებს, ცოტა გაიხედოს და რუკას დახედოს. არაფერი მომხდარა გარდა იმისა, რომ ორი ადამიანი ზის ციხეში და მოხდა ის, რომ ჩვენ მართლა გავიფუჭეთ ურთიერთობა ჩვენს მეზობელთან", - თქვა უგულავამ.

რა ეტაპზეა კარტოგრაფების საქმე?

რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით და შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლებამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა.

გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 

იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა. 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. ადვოკატები აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება.

მათი, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლება ასევე არის ოპოზიციის მოთხოვნა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე.  

დაკავებულებს დეკემბერში სასამართლომ უარი უთხრა  აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. 


close დახურვა