logo
ENG



სამადაშვილი: უსამართლო, დამაზიანებელია იმის თქმა, რომ რურუა ოპოზიციის შეცდომის გამოა ციხეში

15 იან 202112:11
3 წუთის საკითხავი
clock 566
სამადაშვილი: უსამართლო, დამაზიანებელია იმის თქმა, რომ რურუა ოპოზიციის შეცდომის გამოა ციხეში

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, სალომე სამადაშვილი "უსამართლოს" და "დამაზიანებელს" უწოდებს ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ "გიორგი რურუა დიდწილად ოპოზიციის გამო რჩება ციხეში". ამაზე სალომე სამადაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს და იმედოვნებს, რომ ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებზე დღემდე დაფიქსირებულ პოზიციას არ შეცვლის. 

"არასდროს გამიკრიტიკებია ალეკო ელისაშვილი, რადგან ვთვლი, რომ საბოლოოდ, მისი პარტიის ლიდერების და ამომრჩევლების გადაწყვეტილებაა, როგორ გამოიყენებენ საკუთარ მანდატებს, სურთ ოპოზიციურ ერთიანობაში ყოფნა თუ არა, შევლენ პარლამენტში თუ არა. თუმცა, განცხადება, რომ გიორგი რურუა ციხეში ოპოზიციის მიერ დაშვებული შეცდომის გამო რჩება, უსამართლოს გარდა, დამაზიანებელია. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხზე საკუთარ, დღემდე დაფიქსირებულ პოზიციას არ გადახედავს", - წერს სამადაშვილი. 

14 იანვარს პოლიტიკის ფორმულაში სუმტრობისას, მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, რომელმაც საარჩევნო რეფორმისა და პოლიტპატიმრების განთავისუფლების სანაცვლოდ, პარლამენტში შესვლის მზაობა გამოთქვა, განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილთან დადებულ შეთანხმებას აუცილებლად შეასრულებს. 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არის შეთანხმების შესრულება გარანტირებული, 8 მარტის შეთანხმების არასრულად შესრულების შემდეგ, ელისაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლების საკითხი ოპოზიციის გამო ჩავარდა. 

"ერთადერთი გიორგი რურუა დატოვეს და იქაც, არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ოპოზიციასაც ჰქონდა რაღაცები მიქარული, სიმართლე გითხრათ და თავის თავში ჩაიხედონ", - განაცხადა ელისაშვილმა, - "ამაზე ვერ ვილაპარაკებ, ეს ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ იქ, დახურულ შეხვედრაზე ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას რაღაცები რომ უთხრა და რაღაცები გაახსენა და ყველამ თავი დახარა და კრინტი ვერ დაძრეს". 


close დახურვა