logo

კალაძე ივანიშვილზე: რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ქვეყანაში გავლენები ექნება

15 იან 202117:39
3 წუთის საკითხავი
clock 171
კალაძე ივანიშვილზე: რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ქვეყანაში გავლენები ექნება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მართალია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მას როგორც ქვეყანაში, ასევე პოლიტიკაში გავლენები აქვს. "რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ქვეყანაში გავლენები ექნება", - განაცხადა კალაძემ გადაცემაში "დღის Newsroom".

"მარტო პოლიტიკურ გავლენებს ვერ გამოვყოფთ, ჩვენ მთლიანობაში უნდა ავიღოთ ბიძინა ივანიშვილის ფიგურა და რასაკვირველია, ამ ადამიანს თავისი გავლენები აქვს. მის მიმართ დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და საზოგადოების, ამას ვერავინ ვერ წაართმევს. რა თქმა უნდა, მას აქვს გავლენები, როგორც ქვეყანაში, ასევე, ზოგადად, პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, პოლიტიკიდან წავიდა, ამაზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა თავის განცხადებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ქვეყანაში გავლენები ექნება", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პარტიას არ შეუქმნია და მას საზოგადოება იცნობდა, როგორც ქველმოქმედსა და მეცენატს. 

"ბიძინა ივანიშვილის გავლენებს რაც შეეხება, ის პოლიტიკურ პარტიას არ შეუქმნია. ბიძინა ივანიშვილს ჩვენ ვიცნობდით როგორც ქველმოქმედს, მეცენატს... ადამიანს სიკეთის კეთება აქვს სისხლში. მისი მხრიდან უამრავი კეთილი საქმე გვახსოვს გაკეთებული, ძალიან ბევრი პროექტი განხორციელებული, თუნდაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი სიცოცხლე გადარჩენილი, კულტურული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაცია, ახალი სკოლების მშენებლობა, ჯარი, საპატრულო პოლიცია...", - განაცხადა კალაძემ.

ხვალ, 16 იანვარს ქართული ოცნების ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. 11 იანვარს ქართული ოცნების პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე წარადგინა.

თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ის ბიძინა ივანიშვილმა დატოვა. 

ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან წასვლისა და მის ადგილზე კობახიძის დანიშვნის შესახებ ფორმულამ ექსკლუზიური ინფორმაცია 17 დეკემბერს გაავრცელა. 

 

close დახურვა