logo
ENG



გირჩი - მეტი თავისუფლება და ბიზნესის წარმომადგენლები: გვაცადეთ მუშაობა! გაიხსნას ქვეყანა

17 იან 202118:44
3 წუთის საკითხავი
clock 713
2021/01/17/gjiktjcl7purez5.jpg

პარტია გირჩი - მეტი თავისუფლება და ბიზნესის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ქვეყანაში დაწესებული ყველა შეზღუდვის გაუქმებას ითხოვენ. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელმომწერები ასევე მოითხოვენ "დაუყოვნებლივ გაიხსნას ქვეყანა და აღდგეს ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა სხვა ქვეყნებთან".

"გვაცადეთ მუშაობა!... მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი საშიშია და მასთან ბრძოლა მნიშვნელოვანი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ბრძოლის მეთოდები იყოს მორალური, სამართლიანი და ეფექტური. დღევანდელი გადმოსახედიდან ცხადზე ცხადია, რომ შარშან გაზაფხულიდან გატარებული ვითომ ვირუსის შემაკავებელი ღონისძიებები იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნების მატარებელი და რაიმე ხელშესახები შედეგი ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით არ მოუტანია", - აღნიშნულია განცხადებაში. 

განცხადების თანახმად, "დე ფაქტო ხელისუფლება შეზღუდვებს აგრძელებს და თავისუფალ ადამიანებზე ღია ნადირობა აქვს გამოცხადებული".

"შრომა, გართობა და სპორტული აქტივობა არ არის კრიმინალი! და მიუხედავად ამისა, ქართული პოლიცია, ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი ასეთ აქტივობებში ჩართულ ადამიანებს ექცევა ისე, როგორც ბანდიტებსა და ტერორისტებს: უვარდება ობიექტებზე, ატარებს აბსურდულ სპეცოპერაციებს, აწარმოებს უშინაარსო საგამოძიებო პროცედურებს და ნაცვლად იმისა, რომ ვინმე ამაზე ბოდიშს იხდიდეს, პირიქით, სატელევიზიო სიუჟეტებს ქმნიან, თუ როგორ ეფექტურად აღკვეთეს კრიმინალი. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა რეალურ ბანდიტებს სრული კარტ-ბლანში აქვთ მიცემული", - წერია განცხადებაში. 

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ხელმომწერები "არ აპირებენ შეეგუონ მონურ მდგომარეობას და ყველა გზას გამოიყენებენ, რომ თავისუფლება და ჩვენი შვილების მომავალი დაიცვან". 

განცხადებას ხელს აწერენ: გირჩი - მეტი თავისუფლება, Sakhelosno BAR, Reformerfitness, MacLaren's Irish Pub, ALIBI ROOM, Drunk Talk • პიანი ბაზარი

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა. მოლების, ბაზრობების და ტრანპორტის გახსნა 18 იანვრიდან იგეგმებოდა, თუმცა, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა. შეზღუდვების მიზეზად კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სახელდება.


close დახურვა