logo
ENG



"უზენაესის გადაწყვეტილება არ მიგვიღია" - როგორ ხსნის შსს უგულავას საზღვარზე არგაშვებას

23 იან 202116:37
3 წუთის საკითხავი
clock 1053
2021/01/23/t81hers4462uigr.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისის შოთა რუსთაველის აეროპორტში ევროპული საქართველოს ლიდერს გიგი უგულავას საზღვრის კვეთის საშუალება იმიტომ არ მისცეს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ უგულავასთვის პასპორტისა და პირადობის ჩაბარების, ისევე როგორც აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ბაზაში ასახული არ იყო. 

ე.წ "ფონდების" საქმეზე უგულავას გირაო და პასპორტისა და პირადობის ჩაბარების ვალდებულება თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 დეკემბერს მიუსაჯა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ უგულავას სასჯელი 2020 წლის 9 მარტს მოუხსა. შსს-ში აცხადებენ, რომ უგულავასთვის საზღვრის კვეთის უფლების აღკვეთის მიზეზი სწორედ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეუტყობინებლობა გახდა. 

"პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუღია, შესაბამისად ბაზაში მონაცემები დარჩა უცვლელი. აქედან გამომდინარე გიორგი უგულავამ ვერ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი", - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში. 

გიგი უგულავას საზღვრის კვეთის შესაძლებლობა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა დღეს არ მისცეს. 

 "ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი ოპრიჩნიკი პოლიცია", - განაცხადა უგულავამ. 

შსს-ის ცნობით, უგულავას ბაზაში ამ ეტაპზე შეზღუდვა აღარ უფიქსირდება და მას საზღვრის კვეთის შესაძლებლობა მიეცემა. 


close დახურვა