logo
ENG



შეეხება თუ არა აშშ-ის სანქციები Motor Sich-ს, რომელთანაც საქართველოში მემორანდუმი გაფორმდა

23 იან 202116:36
3 წუთის საკითხავი
clock 2108

უკრაინული სამხედრო სამრეწველო კომპანია Motor Sich, რომელთანაც 22 იანვარს საქართველოში სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, შეიძლება ამერიკული სანქციების ქვეშ მოექცეს

მემორანდუმს ხელი Motor Sich-ს, სსსტც „დელტას“ და სს თბილავიამშენსა შორის მოეწერა. უკრაინული კომპანიის პრეზიდენტს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. 

თავდაცვის უწყების ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მრეწველობის განვითარების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას ისახავს მიზნად, პარტნიორები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ, რაც მრავალფუნქციური შვეულმფრენის Mi-8 ძრავების კაპიტალურ რემონტსა და მოდერნიზებას ითვალისწინებს.

Motor Sich სამხედრო თვითმფრინავების ძრავის მწარმოებელი ნული კომპანიაა, რომელიც 1907 წელს დაარსდა. 

აღსანიშნავია, რომ მისი მშობელი კომპანია ჩინური Beijing Skyrizon Aviation Industry Investment Co. Ltd-ია

კომპანია Skyrizon 2021 წლის 14 იანვარს აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. 

მიზეზად დასახელდა "მნიშვნელოვანი კავშირები ჩინეთთან და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიასთან".

ეს გადაწყვეტილება ჩინეთის შეკავების შესახებ აშშ-ის პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მიზნად ჩინეთის სამხედრო და ეკონომიკური განვითარებასთან ბრძოლას ისახავს, ვინაიდან ჩინეთის გაძლიერებას აშშ ეროვნული უსაფრთხოების საკითხად მიიჩნევს. 

შესაძლოა, Skyrizon-დან გამომდინარე, აშშ-ის სანქციები Motor Sich-საც შეეხოს. უკრაინული კვლევითი ორგანიზაციის, "არმიის შესწავლის, გარდაქმნის და განიარაღების ცენტრის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ჩინური კომპანიის სანქცირების გამო ”პირდაპირი საფრთხეები შეექმნება ყველა არსებული და პერსპექტიული პროგრამის განხორციელებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოელ პარტნიორებთან". 

აღსანიშნავია, რომ მართალია Skyrizon უკრაინული თვითმფრინავების ძრავების მწარმოებელ კომპანიის, Motor Sich-ის აქციებს 2017 წლიდან ფლობს, თუმცა, მისი განკარგვა არ შეუძლია. ამის უფლება მას 2018 წელს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით შეუჩერდა. სამსახური ჩინელი ინვესტორის მიერ კომპანიის შესყიდვის კანონიერებას იძიებს. ამ საქმეზე ჩინელი ინვესტორი გეგმავს, საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართოს და უკრაინისგან 3,5$ მილიარდი მოითხოვოს. 

2020 წლის შემოდგომაზე Skyrizon-მა, უკრაინულ პარტნიორ ბიზნეს ჯგუფთან, DCH-სთან ერთად ანტიმონოპოლიურ კომიტეტსაც მიმართა. DCH-ის ხელმძღვანელი ასევე აშშ-ის მიერ 2018 წელს სანქცირებული ბიზნესმენი, ალექსანდერ იაროსლავსკია.


close დახურვა